ეკონომიკური ზრდა

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

დიმიტრი ქუმსიშვილის, მერსედეს ვერა მარტინის და კობა გვენეტაძის ერთობლივი ბრიფინგი
ფინანსთა სამინისტრო

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. 

ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ IMF-მა გაზარდა საქართველოს 2017 და 2018 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. წელს ფონდი საქართველოში 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, განახლებული პროგნოზით კი ის 4.3%-ის დონეზეა, 2018 წლის განახლებული პროგნოზი კი 4.2%-ია, რაც ფონდის წინა პროგნოზს 0.2%-ით აღემატება.

კონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი. 2017 წლის ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე გავზარდეთ, უწინ ნავარაუდევი 3.5 პროცენტის ნაცვლად. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობდა ექსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წელს შემცირდება მშპ-ს 10.4 პროცენტამდე, 2016 წლის 12.8 პროცენტთან შედარებით. საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას დაგეგმილი რეფორმების განხორციელებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების, მწარმოებლურობის და ექსპორტის კონკურენტულობის ზრდას,“ - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა.

რაც შეეხება მთავრობის პროგნოზს 2017 წლის ბიუჯეტით ქვეყანაში 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა დაგეგმილი, თუმცა წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე მაღალია და ის 4.7%-ს შეადგენს. 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით კი მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას გეგმავს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მომდევნო წლებში მთავრობა ეკონომიკური ზრდის მიღწევას სახელმწიფო სექტორის მიერ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებით გეგმავს.

"2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის რეგიონების და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას", - ამბობს ქუმსიშვილი.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.9% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

 

კომენტარები