თბილისის მერია

TI: 2014-2017 წლებში, მერიის ტენდერების 36%-ს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა

თბილისის მერია
თბილისის მერია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ თბილისის მერიის სისტემაში 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკა შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი - ტენდერებში დაბალი კონკურენცია, გამარტივებული გზით ხელშეკრულებების გაფორმება გამოუცდელ და ახალ დაფუძნებულ კომპანიებთან, ასევე, კონკრეტული შესყიდვები, რომლებიც კორუფციის შედარებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.

ტენდერების გზით განხორციელებული შესყიდვები

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, თბილისის მერიამ და მის დაქვემდებარებაში შემავალმა უწყებებმა - რაიონულმა გამგეობებმა, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2014-2017 წლებში ტენდერების გზით სულ 3 711 ხელშეკრულება დადეს, საიდანაც 1 333-ს (36%) მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა.

ერთმონაწილიანი ტენდერებიდან, 41 შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულებამ ტენდერის სავარაუდო ღირებულებას გადააჭარბა. ამ მხრივ ყველაზე მეტად ისნის რაიონის გამგეობა გამოირჩევა:

ისნის გამგეობა - სავარაუდო ღირებულება 44,017; საბოლოო - 51, 940 (შესყიდვის კატეგორია - ავეჯი); შემსრულებელი - შპს აჩისარი

ისნის გამგეობა - საწყისი ღირებულება 47,960; საბოლოო - 56, 592 (შესყიდვის კატეგორია - ავეჯი);  შემსრულებელი - შპს აჩისარი

ისნის გამგეობა - საწყისი ღირებულება 65,955; საბოლოო - 77,080 (შესყიდვის კატეგორია - სხვადასხვა საკვები პროდუქტი); შემსრულებელი - ჯი აი სი ჯორჯია

ისნის გამგეობა - საწყისი ღირებულება  46,070; საბოლოო - 53,148 (შესყიდვის კატეგორია - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები); შემსრულებელი - ჯეო პარკი

ამასთან, ორგანიზაციის კვლევით, თბილისის მერიის ტენდერებში გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომლებიც ტენდერის გამოცხადებამდე 1 წელზე ნაკლებ დროში (ზოგიერთ შემთხვევაში, ტენდერის გამოცხადების შემდეგაც კი) არიან დაარსებულნი.

შპს მარკერი, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაფუძნდა, (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) - 901 456 ლარი. სატენდერო პირობები ხელშეკრულების ღირებულების 95%-ის ავანსის სახით გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა;

შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (ტენდერი,მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) - 646 104 ლარი;

შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) - 645 912 ლარი;

შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) - 619 160 ლარი;

შპს ენკო, ტენდერის გამოცხადებიდან 8 დღეში დაარსდა (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) - 459 164 ლარი.

"იმ 494 ტენდერიდან, რომელშიც ახალმა დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა, 24 (4,9%) შემთხვევაში ხელშეკრულება ვერ შესრულდა.

მერიის  სისტემაში დადებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა საერთო ღირებულებაც 18,9 მლნ ლარს შეადგენდა, 81 არ შესრულდა" - აცხადებს TI.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის თანახმადვე, მსხვილი მიმწოდებლების სიაში შპს “ენსისი” ლიდერობს, რომელსაც  ტენდერების გზით 21 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული.

“ენსისი ასევე გვხვდება გამარტივებული გზით განხორციელებულ შესყიდვებშიც. კერძოდ, შესყიდვის ამ ტიპით კომპანიამ 5 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ფლობს შპს “ჯი სი”-ს, რომლის დირექტორის პოსტსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დავით შავლიაშვილი იკავებს.

თბილისის მერიის სისტემაში მმართველი პარტიის 10 შემომწირველის 10 კომპანია 61 ტენდერის გამარჯვებული გახდა - ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 41,8 მლნ ლარს მიაღწია. აღნიშნული პირების მიერ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ განხორციელებული 12 შემოწირულობის ჯამმა კი 340 600 ლარი შეადგინა" - აცხადებს TI და თბილისის მერიას მოუწოდებს, მიიღოს ზომები, რომ ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოს უფრო მაღალი კონკურენცია. ამასთან, გაითვალისწინოს ის რისკები, რაც თან ახლავს ახალი დაფუძნებული და სათანადო გამოცდილების არმქონე კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას.

კომენტარები