აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა

დე ფაქტო აფხაზეთი: კატალონიის მსგავსად, დამოუკიდებლობას კანონიერად ვითხოვდით

Sky News

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შეფასებით, კატალონიაში მიმდინარე მოვლენებს ბევრი საერთო აქვს 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებულ ამბებთან. ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი, ისევე როგორც დღეს კატალონია, დამოუკიდებლობის მოპოვებას მშვიდობიანი და კანონიერი გზით ცდილობდა.

“როგორც ცნობილია, 2017 წლის 1 ოქტომბერს კატალონიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც მოსახლეობის 90%-მა ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდა თვალს რეფერენდუმის მიმდინარეობას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

ესპანეთის მთავრობამ, თავიდანვე არ აღიარა რეფერენდუმის შედეგები და არა მხოლოდ პოლიტიკურად უპრეცენდენტო ზომები მიიღო, არამედ ძალადობრივი გზებითაც შეზღუდა კატალონიელების დამოუკიდებლობა. რეფერენდუმამდე, ესპანელმა ძალოვნებმა რამდენიმე ადამიანი საერთო პოლიტიკური შეხედულების გამო დააკავეს, რეფერენდუმის დღეს კი საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამწუხაროა, იმის ხილვა, თუ როგორ არღვევენ დემოკრატიულ პრინციპებსა და ნორმებს, ერთი შეხედვით, ცივილიზებული ქვეყნები და ახდენენ ძალის დემონსტრაციას.

კატალონიაში მიმდინარე მოვლენებს ბევრი საერთო აქვს 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებულ პროცესებთან. აფხაზეთი, როგორც კატალონია, მშვიდობიანი და კანონიერი გზებით დამოუკიდებლად არსებობის უფლებას ითხოვდა, საქართველომ, კი, საპასუხოდ, აფხაზეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტი განახორციელა და სისხლიანი ომი წამოიწყო.

აუცილებელია, გავიგოთ რომ კატალონიას, ისევე როგორც აფხაზეთს, სახელმწიფიობრიობის თავისი ტრადიცია, მდიდარი ისტორია და კულტურული იდენტობა გააჩნია. სამწუხაროდ, ესპანეთის ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ დანაშაულს სჩადის, როცა მათ დამოუკიდებლობის უფლებას ძალადობრივი გზებით უზღუდავს.

ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ესპანეთში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი კანონიერი მოლაპარაკებებისა და კომპრომისის გზით უნდა მოგვარდეს" - ნათქვამია განცხადებაში.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა და კენჭისყრაში მონაწილეთა 90%-მა მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა. რეფერენდუმზე კატალონიის მოსახლეობის მხოლოს 42% გამოცხადდა. ესპანეთის მთავრობა რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს და მის შედეგს არ აღიარებს.

კომენტარები