საკონსტიტუციო ცვლილებები

გიგა ბოკერია: ევროპული საქართველო პრეზიდენტის ვეტოს მხარს დაუჭერს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, პრეზიდენტის ვეტოს მხარს დაუჭერს.

"ჩვენ, ევროპული საქართველო მეტ საკითხზე ვიყავით ვეტოს მომხრე, მაგრამ კარგია, რომ ამ საკითხებს მაინც დაადო პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო. ეს ვეტო გამოხატავს სრულ კონსენსუსს საქართველოს მთელი ოპოზიციური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთო ჯამში, ჩვენი საზოგადოების, მთლიანად. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი იმედის საფუძველი, რომ საღ აზრს გამოიჩენს ოცნების გუნდი, ივანიშვილის გუნდი, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მაინც უნდა მოვუწოდოთ, რომ ნუ აღმოჩნდებიან მთელი პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის საპირისპირო მხარეს. შეგახსენებთ, რომ ეს ის გუნდია, რომელმაც უარი თქვა  ევროპული საქართველოს ინიციატივაზე, რომ ყველა ამ სადავო საკითხზე ეკითხათ ხალხისთვის აზრი. უგულვებელყო საერთაშორისო საზოგადოების რჩევები, სამოქალაქო საზოგადოების, ყველას პოზიცია, საკუთარი პარტიული და მათი არაფორმალური ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესის გარდა. ეს მძიმე დარტყმაა ქვეყნისთვის. ეს ვერ გადაარჩენს მათ საბოლოო ჯამში, პოლიტიკურად, მაგრამ მძიმე დარტყმას აყენებს ქვეყანას, ამიტომ ერთხელაც აქვთ შანსი, რომ ეს მძიმე შეცდომა არ დაუშვან და არ მიაყენონ ზიანი ჩვენს ქვეყანას. ვნახოთ, რა იქნება სხდომაზე. ჩვენი პოზიცია ნათელია, ჩვენ მხარს დავუჭერთ პრეზიდენტის ვეტოს", - თქვა ბოკერიამ, ინტერპრესნიუსის ცნობით.

დღეს, პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები ბონუსის სისტემას და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვას ეხება. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს. გარდა ამისა, პრეზიდენტისთვის მიუღებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის გაუქმება ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში.

 

კომენტარები