თბილისის მერის არჩევნები

ზაალ უდუმაშვილმა თბილისის ვიცემერობის კანდიდატები წარადგინა

რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა გადაცემა "არჩევანის" ეთერში, რუსთავი 2-ზე, თბილისის ვიცემერობის სამი კანდიდატი წარადგინა. უდუმაშვილის თქმით, მას, მერად არჩევის შემთხვევაში, სამი მოადგილე ეყოლება, რომლებიც თბილისის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გადანაწილდებიან - მარჯვენა სანაპირო, მარცხენა სანაპირო და ძველი თბილისი. 

ძველი თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილი წარადგინა. ვაჩეიშვილის თქმით, ძველ თბილისის ინვესტირების და სარეაბილიტაციო საკითხები ერთიანი დაგეგმარების პროექტით მოგვარდება. გარდა ამისა, ის გამოდის ინიციატივით, რომ ძველ თბილისში დაწიონ ყველა გადასახადი, რათა მან ბევრი ინვესტიცია მოიზიდოს. 

მარცხენა სანაპიროს ვიცე-მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილმა იურისტი ზაზა ბიბილაშვილი წარადგინა. ბიბილაშვილის თქმით, მათი გუნდის მთავარი ამოცანაა, მარცხენა სანაპირო გახადონ თბილისის სრულფასოვანი ნაწილი. 

"დღეს, თბილისს, როგორც არასდროს სჭირდება წესიერი, კეთილსინდისიერი, კანონმორჩილი და არაკორუმპირებული პროფესიონალების გუნდი"-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა თავისი გუნდის შეფასებისას.

მარჯვენა სანაპიროს ვიცე-მერობის კანდიდატად კი, უდუმაშვილმა ხატია დეკანოიძე წარადგინა, რომელიც გადაცემაში ავსტრიიდან ჩაერთო. დეკანოიძის თქმით, მან არ იცის, ვინ არის თბილისის ამჟამინდელი ვიცე-მერი და გამოდის ინიციატივით, რომ შეიცვალოს მიდგომა და ურთიერთობა გახდეს უფრო უშუალო.

"არა კორუფციას, არა კრიმინალს, განვითარებული თბილისი და ევროპული თბილისი, ეს იქნება ჩემი პირადი სამიზნე."-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები