სდსს

სდსს ქვეყნის მეთაურისთვის 500 000 ლარად დაჯავშნილ ავტომობილს ყიდულობს

Maybach s600
Reuters

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სდსს) ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირისთვის ახალ დაჯავშნილ ავტომობილს ყიდულობს. ლუქს-კლასის ავტომობილის შეძენა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაჯდება.

შესყიდვის შესახებ უწყების წარმომადგენელმა ილია ტარასაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაჯავშნილი ავტომობილი პრემიერმინისტრისთვის ან პრეზიდენტისთვის იქნება განკუთვნილი. 

სდსს ავტოპარკს აახლებს, უწყებამ პრემიერმინისტრის განკარგულებით გამოაცხადა ტენდერი 20 ავტომობილის შესყიდვაზე. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის მიხედვით, სდსს შეიძენს მხოლოდ და მხოლოდ 2017 წელს გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთა საერთო ღირებულებაც 829 110 ლარი იქნება. ეს ერთ ავტომობილზე საშუალოდ 41 455 ლარს ნიშნავს

სდსს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული გასამხედროებული უწყებაა, რომელიც სპეციალური ობიექტებისა და თანამდებობის პირთა დაცვისთვის მუშაობს. სდსს-ს ეკუთვნის ავტოპარკი, რომლითაც მინისტრთა კაბინეტის წევრები გადაადგილდებიან.

კომენტარები