ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

14 ოქტომბერს, ენმ რუსთაველზე "ფართომასშტაბიან და მრავალათასიან აქციას" აანონსებს

rustavi2.ge

14 ოქტომბერს, შაბათს, 14:00-ზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მიწის 1 ლარად გადაცემას გააპროტესტებენ. 

"დღეიდან, პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი - ივანიშვილის პირადი ბოსტანი. ეს დღეს თბილისის საკრებულოს ქართულმა ოცნებამ გააკეთა. დაკავებულია ათამდე ჩვენი თანამებრძოლი, მათი ადგილსამყოფელის დადგენა ძალიან რთულია. ვაანონსებ შაბათს, ორ საათზე, ფართომასშტაბიან და მრავალათასიან აქციას. რუსთაველის მეტროსთან ვიკრიბებით ყველა, რათა დავიბრუნოთ თბილისის დაკარგული ტერიტორიები" - განაცხადა უდუმაშვილმა.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ დღეს მხარი დაუჭირა მიწების გადაცემაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მოთხოვნებს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, თაბორის მთაზე 0.44 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილის საკუთრება გახდა. გარდა ამისა, საკრებულომ ივანიშვილისთვის თავისუფლების მოედანზე 1900 კვადრატული მეტრის 1 ლარად გადაცემასაც დაუჭირა მხარი. საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, ივანიშვილის კომპანია ადგილზე 30-ადგილიან ავტოსადგომს მოაწყობს. თუ ივანიშვილი აღნიშნულ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, მას ჯარიმის სახით 100 ლარი დაეკისრება.

ორივე ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" ნაწილი იქნება. თაბორის მთაზე 29.7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილმა 2016 წელს 6.3 მილიონ ლარად იყიდა. ტერიტორიაზე ივანიშვილის ოფშორული კომპანია გოლფ კლუბსა და სასტუმროს აშენებს.

კომენტარები