წმიდა სინოდი 2017

რა სახის სასჯელი შეიძლება დააკისროს წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ პეტრეს?

ილია II და მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა)
Facebook/ მღვდელ-მონაზონი ანდრია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სინოდი წელიწადში არანაკლებ ორჯერ უნდა შეიკრიბოს, 2017 წლისთვის კი დღევანდელი სხდომა მეორე იქნება, რაშიც უჩვეულო არაფერია. არაორდინალური მხოლოდ სინოდის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა, მღვდელმთავრებს მოულოდნელად, ერთი დღით ადრე შეატყობინოს სხდომის დანიშვნის თარიღი.

ორდინალურ შემთხვევებში თარიღი ბევრად ადრეა ცნობილი, რადგან საქართველოს ეკლესიას ეპარქიების გარდა ექსარქიებიც აქვს - ანუ, საზღვარგარეთ მდებარე ეპარქიები, საიდანაც მმართველმა მღვდელმთავრებმა ჩამოსვლა ფიზიკურად უნდა მოასწრონ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მღვდელმთავრებს არც ამჯერად გაუგზავნა სხდომის დღის წესრიგი და განსახილველ საკითხთა ჩამონათვალი.

მარტში მოწვეულმა სინოდმა, რომელიც საქართველოს ეკლესიის უმაღლეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას ფლობს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ეკლესიის დისკრედიტაციაში, სასულიერო და საერო პირების მიმართ ცილისმწამებლური ბრალდებების გავრცელებასა და შფოთის შემოტანაში დაადანაშაულა. სინოდმა მიტროპოლიტ პეტრეს გაფრთხილება მისცა, კათოლიკოს-პატრიარქმა კი პირადი გადაწყვეტილებით ის საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა. მიტროპოლიტმა პეტრემ არ გაიზიარა წმიდა სინოდის პოზიცია და მას შემდეგ არაერთხელ გამოთქვა იგივე პოზიცია, რის გამოც მას საქართველოს ეკლესიის სასჯელი დაეკისრა.

თუ დღეს მოწვეული წმიდა სინოდი მიტროპოლიტ პეტრეს სანქცირებას გადაწყვეტს, რასაც თავად მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, სიმძიმის შესაბამისად, მას საეკლესიო სასჯელად თეორიულად, საფეხურებრივად, შესაძლოა განესაზღვროს:


1. მეორე გაფრთხილება


2. მღვდელმოქმედებიდან განყენება


3. ხარისხიდან განკვეთა 


4. სიკვდილამდე უზიარებლობა


5. ეკლესიიდან განკვეთა (ანათემა)


ასევე, შესაძლებელია, მიტროპოლიტი პეტრე გადაიყვანონ სხვა ეპარქიაში, ან ჩამოართვან ეპარქია და დაუტოვონ მხოლოდ ტიტული. 

კომენტარები