სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა

ორწლიანი პატიმრობა - პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის

სვოან პარკერი / REUTERS

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასათანადო სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ექიმი დამნაშავედ ცნო. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ვ.ა-ს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლის ვადით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება.

"დადგინდა, რომ 2015 წლის 4 თებერვალს შპს “უნივერსალი ნოვა კლინიკაში“ პაციენტს ქ.კ.-ს ზოგადი ანასთეზიის ქვეშ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში მოთავსდა და ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ვ.ა.-ს დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

19:00 საათზე ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ვ.ა.-მ ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპიის ჩატარების მიზნით გადაწყვიტა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენის კათეტერის ჩადგმა, თუმცა მან კათეტერი სწორად ვერ ჩადგა, რამაც ინტრაპლევრალური სისხლდენა გამოიწვია და განავითარდა პოლიორგანული უკმარისობა.

ვ.ა. უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ქ.კ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდებოდა, რის გამოც პეციენტი ამ მდგომარეობაში, ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარების გარეშე, 19:40 საათიდან 01:30 საათამდე ამყოფა. კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით, პაციენტი 5 თებერვალს გადაიყვანეს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიუხედავად გაწეული დროული და ადეკვატური ღონისძიებებისა, მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ქ.კ. 6 თებერვალს 12:45 საათზე გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.

ექიმ ანესთეზიოლოგს 2017 წლის 11 აგვისტოს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 7000 ლარის ოდენობით. საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.

კომენტარები