აფგან მუხთარლის გატაცების საქმე

ლეილა მუსტაფაევამ საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ევროპაში გაემგზავრა

ტაბულა

საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლმა, ჟურნალისტმა ლეილა მუსტაფაევამ მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა. 

ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ტაბულას დაუდასტურა. თუმცა, არჩილ ჩოფიკაშვილი ამ ეტაპზე მიზეზებზე არ საუბრობს. მისი თქმით, ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა სახლი", რომელიც მუსტაფაევას უფლებებს იცავდა, განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს. 

ლეილა მუსტაფაევამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას და აზერბაიჯანელი აქტივისტის, დაშგინ აღალარლის უთვალთვალებენ. მან შესაბამისი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურასაც მიმართა, თუმცა მუსტაფაევამ და მისმა ადვოკატმა სამართალდამცავი ორგანოები უმოქმედობაში დაადანაშაულეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში ყავდათ დაკავებული. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მუხთარლის აზერბაიჯანულმა პოლიციამ ბრალი 3 მუხლით წარუდგინა: სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით, სასამართლომ კი მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლომაც. 

მოგვიანებით მუხტარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა. 

კომენტარები