საქართველოს ეკლესია

საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის ბოლო 40 წლის ისტორიას წიგნად გამოსცემს

საპატრიარქო

საქართველოს ეკლესიის ბოლო 40 წლის ისტორია წიგნად გამოიცემა. ამის აუცილებლობაზე პატრიარქმა ილია მეორემ სინოდის გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ისტორიის აღწერაში ყველა მღვდელმთავარი აქტიურად უნდა ჩაერთოს. 

"იწურება 40 წელი ჩვენი პატრიარქობისა და უნდა განვიხილოთ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში, რა გამოგვრჩა, რა შეცდომა დავუშვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები და იგი დაიწყო ჯერ კიდევ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში; ყველას მოგეხსენებათ, რომ მკაცრი პირობები იყო და მკაცრი დრო. მიუხედავად ამისა ბევრი რამ გაკეთდა" - თქვა ილია მეორემ.

მეუფე დანიელის თქმით, "ის, რაც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ძალისხმევით გაკეთდა, ჩვენი მხრიდან ითხოვს სათანადო შეფასებას და დაფასებას. სწორედ ამიტომ, მთელი ერი უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები და მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ერის გაერთიანება“.

წმიდა სინოდმა დაადგინა, რომ "საქართველოს ეკლესიის თითოეულმა მღვდელმთავარმა უმოკლეს დროში საპატრიარქოს სამდივნოში წარმოადგინოს სრული აღწერილობა მათ ეპარქიებში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე აღსრულებული საქმეებისა".

კომენტარები