მუსტაფა ემრე ჩაბუქი

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსზე მიღებულ უარს გაასაჩივრებს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი

დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ლტოლვილის სტატუსზე მიღებულ უარს გაასაჩივრებს. ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე ამბობს, რომ ის საქალაქო სასამართლოში ახალ მტკიცებულებებს წარადგენს. საუბარია მუქარის შემცველ წერილებზე, რომელსაც ჩაბუქის ცოლი ფეისბუქით იღებს. ადვოკატის თქმით, თუ სასამართლო ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება. 

„იმ მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი სასამართლოში, ნათლად და ცხადად დასტურდება, რომ აღნიშნული პიროვნება სრულად ექვემდებარება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან იგი რეალურად დგას წამების და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის წინაშე,“- ამბობს ვახტანგ კვიჟინაძე. 

დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. აგვისტოში მოსამართლემ აღნიშნული ვადა კიდევ 3 თვის ვადით გაახანგრძლივა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ კი ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება და რომ საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ. 

თუმცა, ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში. 

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს. 

თუმცა, ჩაბუქის ადვოკატების მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუქის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. 

კომენტარები