აფგან მუხთარლის საქმე

ადვოკატის ინფორმაციით, ლეილა მუსტაფაევა შვილთან ერთად გერმანიაში იმყოფება

რადიო თავისუფლება

ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა შვილთან ერთად გერმანიაში იმყოფება. არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ მათ საქართველო 2 დღის წინ დატოვეს. ქვეყიდან წასვლას წინ უსაფრთხო ქვეყნის მოძიება უძღოდა.

"გამოძიების მიმართ არსებული პრეტენზიების და არსებული საფრთხეების ფონზე, მაღალი ალბათობით შესაძლოა ლეილა მუსტაფაევა (მეუღლის მსგავსად) გამხდარიყო გატაცების და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრობის მსხვერპლი", - ამბობს ადვოკატი. 

ინფორმაცია, რომ მუსტაფაევამ საქართველო დატოვა და საცხოვრებლად შვილთან ერთად ევროპაში გაემგზავრა, გუშინ გავრცელდა. 

ლეილა მუსტაფაევამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას და აზერბაიჯანელი აქტივისტის, დაშგინ აღალარლის უთვალთვალებენ. მან შესაბამისი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურასაც მიმართა, თუმცა მუსტაფაევამ და მისმა ადვოკატმა სამართალდამცავი ორგანოები უმოქმედობაში დაადანაშაულეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში ყავდათ დაკავებული. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მუხთარლის აზერბაიჯანულმა პოლიციამ ბრალი 3 მუხლით წარუდგინა: სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით, სასამართლომ კი მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლომაც. 

მოგვიანებით მუხტარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა. 

კომენტარები