ბიტკოინი

ისტორიაში პირველად, ერთი ბიტკოინის ღირებულებამ $5000-ს გადააჭარბა

Reuters

ბიტკოინი ისტორიულ მაქსიმუმზეა, ამ დროისთვის მისი ღირებულება $5,136 დოლარზეა. დღეს კრიპტოვალუტის ღირებულება მთელი 6.5%-ით გაიზარდა.

მიმდინარე კვირაში ბიტკოინის ღირებულება $750-ზე მეტად გაიზარდა, რაც მასზე გაზრდილ გლობალურ მოთხოვნას უკავშირდება.

გამყარების ერთ-ერთი მიზეზი Goldman Sachs-ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ბანკი ბიტკოინით ვაჭრობის ოპერაციებს დაიწყებს. 

აღნიშნულმა გაძვირებამ ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა ბიტკოინის საერთო ფასი) $85 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია. ბლოკჩეინი ინფორმაციის შენახვის სხვა მეთოდებისგან იმით განხვავდება, რომ ამ მეთოდში ინფორმაცია ერთ რომელიმე კომპიუტერში თუ სერვერში კი არაა თავმოყრილი, არამედ განთავსებულია ათასობით კომპიუტერში ბლოკების სახით, ინფორმაციის ამ ბლოკებიდან წაშლა ან შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბიტკოინის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა, რაც ინვესტორებს მისდამი გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის, თუმცა, სავარაუდოდ კრიპტოვალუტების ფართო დანერგვასთან ერთად ბიტკოინის ასეთი სწრაფი მერყეობა შემცირდება. 

ბიტკოინის გაყოფის შესახებ:

1 აგვისტოდან ბიტკოინი ორად გაიყო, რის შედეგადაც წარმოიშვა ახალი კრიპტოვალუტა Bictoin Cach. გაყოფის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ პირველ კვირაში $2900-დან $2700-მდე შეამცირა ბიტკოინის ღირებულება, თუმცა მალევე მან ზრდა დაიწყო და ახალ ისტორიულ მაქსიმუმსაც მიაღწია. Bictoin Cach-ის ღირებულება კი ამ დროისთვის $313-ია. 

რა სხვაობაა Bitcoin-სა და Bitcoin Cash-ს შორის:

ამაზე პასუხისთვის საჭიროა იმის ცოდნა თუ რა პრობლემის წინაშეა ბიტკოინი. 

ბიტკოინზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მის ქსელი გადატვირთულია, რის გამოც ოპერაციების დამუშავების პროცესი შენელდა. ქსელი, რომელმაც დღევანდელი სახე დაახლოებით 10 წლის წინ მიიღო, ამ დატვირთვას ვერ უძლებს.

ბიტკოინის გაყოფის მიზეზი კრიპტოვალუტის მომავალთან დაკავშირებით ორი დაპირისპირებული მხარის შეხედულებები გახდა. 

მაინერების ერთი ნაწილი, ე.წ "ძირითადი დეველოპერები" მოითხოვდნენ, რომ რვაჯერ გაზრდილიყო იმ ბლოკჩეინ ბლოკების ტევადობა, რომლითაც ბიტკოინის გარიგებები აღირიცხება. ეს ნაბიჯი ბიტკოინის ტრანზაქციებს ბევრად დააჩქარებდა და მას მომავალი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებს მისცემდა, თუმცა ბიტკოინის მესვეურებმა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება, გაეზარდათ ბლოკჩეინ ბლოკების მოცულობა დღეს არსებული ერთი მეგაბაიტიდან - ორ მეგაბაიტამდე.

"ძირითადი დეველოპერების" აზრით, ეს ზრდა უმნიშვნელოა და კრიპტოვალუტას მომავალში ისევე შეუქმნის პრობლემებს, ამიტომაც მათ ბიტკოინის გაყოფა გადაწყვიტეს. დეველოპერებმა შექმნეს ახალი კრიპტოვალუტა, რომლის სახელიცაა Bitcoin Cach და ის 8-მეგაბაიტიანი ბლოკჩეინ ბლოკებისგან შედგება.

კომენტარები