თამბაქო

ქუმსიშვილი: 4 წელში თამბაქოს მოხმარება 25%-ით შემცირდა, გადასახადები კი 150%-ით გაიზარდა

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

"მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 25%-ით არის შემცირებული თამბაქოს მოხმარება, მაშინ როდესაც ბიუჯეტის გადასახადები 150%-ით არის გაზრდილი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თამბაქოს გადასახადებთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ფორუმზე.

გასული 4 წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმზე აქციზმა 5-ჯერ მოიმატა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზზე კი 150%-ით არის გაზრდილი.

თამბაქოს ნაწარმზე გაზრდილი აქციზის გადასახადი ძალაში 2017 წლის პირველ იანვარს შევიდა. გაძვირებამდე ფილტრიანი სიგარეტის კოლოფზე აქციზური მარკის ღირებულება 90 თეთრი იყო, გაძვირების შემდეგ კი აქციზი 1.7 ლარი გახდა.

2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 2018 წელს მთავრობა 1.45 მილიარდი ლარის აქციზის გადასახადის აკრეფას გეგმავს, რაც 2017 წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით წლევანდელთან შედარებით ნაკლები მოცულობის აქციზის გადასახადის მობილიზება ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებას უკავშირდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც თავად აქციზის გადასახადის გაძვირებაა.

პარლამენტმა 27 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით 2022 წლამდე გადაავადა თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის შემოღების ვალდებულება. პარლამენტის მიღებული კანონის პირვანდელი ვერსიით თამბაქოს სტანდარტული შეფუთვა 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში.

მაისში პარლამენტმა მხარი დაუჭირა გუგული მაღრაძის კანონპროექტს, რომლითაც 2018 წლის პირველი იანვრიდან იკრძალებოდა თამბაქოს ღერებსა და მის შეფუთვაზე ნებისმიერი ტიპის ბრენდული ნიშნის დატანა, რის შედეგადაც ბაზარზე არსებული ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირი, სტანდარტული შეფუთვით გაიყიდებოდა.

იმის მიუხედავად, რომ კანონის აღნიშნული მუხლი 2022 წლამდე გადაიწვეს, ის 2018 წლიდან რიგი რეგულაციების ძალაში შესვლას მაინც ითვალისწინებს, მაგალითად:

  • თამბაქოს მოხმარება იკრძალება ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობაში. გამონაკლისია მხოლოდ კერძო ბინები, სასჯელაღსრულების დაწესებულება, სამორინე და ფსიქიატრიული მედიცინის დაწესებულებები.
  • აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით,
  • თამბაქოს მოხმარება იკრძალება სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია
  • იკრძალება თამბაქოს დადება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ის გარედან იყოს ხილვადი.

კომენტარები