საკონსტიტუციო ცვლილებები

ვოლსკი: პრეზიდენტის შენიშვნები კონსტიტუციაზე პოლიტიკურად მოტივირებულია

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო, "რასაკვირველია, უნდა დაიძლიოს". დეპუტატის თქმით, გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები პოლიტიკურად არის მოტივირებული. 

”რასაკვირველია, ვეტო დაძლეულ უნდა იქნას. ვიფიქრებდი, რომ მართლა გულწრფელი დამოკიდებულებაა და მისი პირადი შეხედულებების გარდა არის კონსულტაციების საგანი ეს თემა, მაგრამ აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული შენიშვნებია და თანაც გვატყუებენ. ეს 6 შენიშვნა არის, 5 თქვენც მოგწონთ და ბარემ მეექვსესაც დაუჭირეთ მხარიო. ამ დროს პირიქით, ყველა საკითხი გავითვალისწინეთ, იმაზეც მზად ვართ, რომ ახალი ინიციატივით შემოვიდეთ და ვფიქრობთ, რომ ეს ქვეყანაზე ზრუნვით არის განპირობებული. თუკი სერიოზული შენიშვნები გაუჩნდება ვინმეს ისეთი, რომ ადრე ვერ შევამჩნიეთ და ეს გამოიწვევს პოზიტიურ ცვლილებას, მზად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი, რომ აიღოს პასუხისმგებლობა და ინიციატივა შემოიტანოს”, - თქვა გია ვოლსკიმ ინტერპრესნიუსის მიხედვით. 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, ხვალ არის დანიშნული. 

პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვლის მოტივირებული შენიშვნები ბონუსის სისტემას და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვას ეხება. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს. გარდა ამისა, პრეზიდენტისთვის მიუღებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის გაუქმება ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში. 

გიორგი მარგველაშვილს მმართველმა გუნდმა გასულ კვირას სთხოვა, ვეტოს მხოლოდ ორ საკითხზე, ბონუსის სისტემასა და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვის შესახებ მუხლებზე დაედო. ქართული ოცნების წევრები ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს სხვა მუხლებსაც დაადებდა, მას დაძლევდნენ

კომენტარები