საქართველოს მოქალაქეობა

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეობა 26 ათას 795 პირმა მიიღო

0 კომენტარი
ფოტო: psh.gov.ge

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეობა 26 ათას 795 პირმა მიიღო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 22 ათას 835 პირს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა, 705-ს ნატურალიზაციის სხვა ფორმით ხოლო 3 ათას 255 ადამიანს საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში მიანიჭა მოქალაქეობა.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ, 2013 წლიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების 32 523 განაცხადი განიხილა და პრეზიდენტს რეკომენდაციით 23 ათას 011 საქმეზე მიმართა.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, კომისიის დადებითი დასკვნების 86% შემთხვევაში, რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გაიცა იმ პირებზე, ვინც ან საქართველოში დაბადებული, ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყვნენ.

მოქალაქეობის მინიჭება წლების მიხედვით:

2013 წელი 

კომისიამ 8 877 მოქალაქეობის საქმე განიხილა, რომელთაგან 6 440 საქმეზე დადებითი დასკვნა გამოსცა.

  • 6 440-დან 5 737 პირი ან საქართველოში დაბადებული (4 774 პირი), ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე (3 205 პირი), ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო. 
  • საქართველოს პრეზიდენტს კომისიის მიერ მისთვის წარდგენილ დადებით დასკვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიუღია. 
  • 6 440 უცხოელიდან, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მომენტისათვის, 5 122 უცხოელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქე იყო, 606 პირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, 353 პირი ამერიკული სახელმწიფოების, 336 პირი აზიური სახელმწიფოების, 10 პირი არაბული სახელმწიფოების, 4 პირი აფრიკული სახელმწიფოების, ხოლო 9 პირი - სხვა სახელმწიფოების მოქალაქე. 
  • 2013 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე 3 187 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან ძირითადი ნაწილი (2 763 პირი) თურქეთის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

2014 წელი 

წელს კომისიამ მოქალაქეობის 6 918 საქმე განიხილა. მათგან 4 574 შემთხვევაში დადებითი დასკვნა გამოიცა.

  • 4 574-დან 3 985 პირი ან საქართველოში იყო დაბადებული (3 185 პირი), ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე (2 030 პირი), ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო. 
  • საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი 4 574 დადებითი დასკვნიდან 26 პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო, ხოლო დანარჩენ 4 548 უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. 
  • 4 574 უცხოელიდან, დადებითი დასკვნის გამოცემის მომენტისათვის, 3 433 პირი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქე იყო, 539 პირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, 311 ამერიკული სახელმწიფოების, 272 აზიური სახელმწიფოების, 3 პირი არაბული სახელმწიფოების, 2 აფრიკული სახელმწიფოების, 14 პირი კი - სხვა სახელმწიფოების მოქალაქე.
  • 2014 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, პროცედურის დაუცველად და შესაბამისად კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე 20 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან 10 რუსეთის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

2015 წელი 

კომისიამ 5 543 მოქალაქეობის საქმე განიხილა, რომელთაგან 4 283 საქმეზე დადებითი დასკვნა გამოსცა.

  • 4 283-დან 3 724 პირი ან საქართველოში დაბადებული (2 824 პირი), ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე (1 817 პირი), ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო. 
  • 2015 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი 4 283 დადებითი დასკვნიდან 13 პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო, ხოლო დანარჩენ 4 270 უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. 
  • 4 283 უცხოელიდან, დადებითი დასკვნის გამოცემის მომენტისათვის, 2 993 პირი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქე იყო, 567 პირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, 397 ამერიკული სახელმწიფოების, 294 აზიური სახელმწიფოების, 9 პირი არაბული სახელმწიფოების, 4 აფრიკული სახელმწიფოების, 19 პირი კი - სხვა სახელმწიფოების მოქალაქე.
  • 2015 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, პროცედურის დაუცველად და შესაბამისად კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე 20 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან 5 რუსეთის, 3 გერმანიის, 3 ირანის, დანარჩენი კი სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

2016 წელი 

კომისიამ 5 864 მოქალაქეობის საქმე განიხილა, რომელთაგან 4 617 საქმეზე დადებითი დასკვნა გამოსცა.

  • 4 617-დან 3 759 პირი ან საქართველოში დაბადებული (2 866 პირი), ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე (1 624 პირი), ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო. 
  • 2016 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი 4 617 დადებითი დასკვნიდან 40 პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო, ხოლო დანარჩენ 4 577 უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. 
  • 4 617 უცხოელიდან, დადებითი დასკვნის გამოცემის მომენტისათვის, 3 330 პირი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქე იყო, 474 პირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, 399 ამერიკული სახელმწიფოების, 386 აზიური სახელმწიფოების, 6 პირი არაბული სახელმწიფოების, 7 აფრიკული სახელმწიფოების, 15 პირი კი - სხვა სახელმწიფოების მოქალაქე.
  • 2016 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, პროცედურის დაუცველად და შესაბამისად კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე 20 უცხოელს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან 10 თურქეთის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

2017 წელი 

2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე კომისიამ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილა, რომელთაგან 3 097 საქმეზე დადებითი დასკვნა გამოსცა.

  • 3 097-დან 2 550 პირი ან საქართველოში დაბადებული (1 945 პირი), ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე (1 072 პირი), ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო. 
  • საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი 3 097 დადებითი დასკვნიდან 97 პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო, ხოლო დანარჩენ 3 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
  • 3 097 უცხოელიდან, დადებითი დასკვნის გამოცემის მომენტისათვის, 2 363 პირი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქე იყო, 277 პირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, 219 ამერიკული სახელმწიფოების, 221 აზიური სახელმწიფოების, 1 პირი არაბული სახელმწიფოების, 5 აფრიკული სახელმწიფოების, 11 პირი კი - სხვა სახელმწიფოების მოქალაქე.
  • 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა 79 ფერეიდნელ ქართველს მიანიჭა.
  • 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, პროცედურის დაუცველად და შესაბამისად კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე, 8 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან 3 რუსეთის, 3 გერმანიის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

სერვისების განვითარების სააგეტო აღნიშნავს, რომ 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 97 პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო და ამათგან 64 უარი მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც "2017 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა საჯაროდ გამოაცხადა მოქალაქეობის მინიჭების სფეროში მის მიერ პოლიტიკის გამკაცრების შესახებ (კრიტერიუმები ამ ეტაპზე უცნობია)".

მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უცხოელის ნატურალიზაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გზით ხდება და მისი 5 სახე არსებობს:

  1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლიათ მას, ვინც 5 წელი მაინც ცხოვრობდა საქართველოში, იცის ქართული ენა, მუშაობს ან ფლობს ქონებას საქართველოში);
  2. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებული წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლია მას, ვინც საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდა და 2 წელია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს);
  3. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით (როდესაც არსებობს სახელმწიფო ინტერესი ან პირს აქვს დამსახურება სახელმწიფოს წინაშე);
  4. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება აღდგენის წესით (მაგალითად, პირი, რომელმაც წარსულში მომართა სახელმწიფოს და თავისი ნებით ოფიციალურად გავიდა საქართველოს მოქალაქოებიდან);
  5. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სპეციალური წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლია, მაგალითად, მას, ვინც დაიბადა საქართველოში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ ითვლება მოქალაქედ).

საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭება თუ არსებობს სახელმწიფო ინტერესი, ან განმცხადებელს აქვს დამსახურება ქვეყნის წინაშე.

სერვისების განვიტარების სააგენტოს ინფორმაციით, კომისიის საქმიანობის პრაქტიკამ გამოკვეთა ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მიიჩნევა, რომ პირისათვის მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესია.

"ეს გარემოებები, როგორც წესი, უკავშირდება საქართველოს ისტორიას, მათ შორის უახლეს წარსულში განვითარებულ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს. მაგალითისათვის, კანონით განსაზღვული სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომისია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას სახელმწიფო ინტერსად მიიჩნევს იმ პირებისათვის, რომლებიც:

ა) გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და იქ დაფუძნდნენ (ძირითადად, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში), მაგრამ ბოლო პერიოდში სამშობლოში დაბრუნებისა და აქ დამკვიდრების სურვილს გამოთქვამენ;

ბ) საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან წავიდნენ და თავი საზღვარგარეთ შეაფარეს, დღეს კი ბრუნდებიან სამშობლოში;

გ) წინა პუნქტში მოხსენიებული პირების ოჯახის წევრები არიან და შესაძლოა, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიბადნენ;

დ) ეთნიკური აფხაზები ან ოსები არიან და სურთ დაუბრუნდნენ საქართველოს სამართლებრივ სივრცეს;

ე) ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ;

ვ) უცხოელები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდნენ, ჰყავთ საქართველოს მოქალაქე შვილები; მათთვის საქართველოს მოქალაქეობა ოჯახის ერთიანობისა და ურღვევობის ხელშემწყობი ფაქტორია, ხოლო წარმომავლობის ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნება კი მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს;

ზ) უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობენ, მუშაობენ, ფლობენ ქონებას, ასევე იციან ქართული ენა ან/და მათ მიერ საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიცია;

თ) უცხოელი სპორტსმენები, მეცნიერები ანდა ხელოვნების მუშაკები, რომელთაც საქართველოს სახელით უნდა იასპარეზონ ან იმოღვაწეონ; და სხვ.

ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმები ძირითად გავლენას ახდენდა და კვლავაც ახდენს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ გამოცემული დასკვნების შინაარსზე, რაც ჩანს კიდეც ნათლად მისი საქმიანობის ამსახველ სტატისტიკურ მონაცემებში." - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

12 საათისთვის ხმა 16.5%-მა მისცა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 0.15%-ით ნაკლებია

კომენტარები