ოკუპირებული აფხაზეთი

დე-ფაქტო აფხაზეთი: NATO-ში საქართველოს ინტეგრაციისთვის გააქტიურება შემაშფოთებელია

mfaapsny

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მოწოდება, გააქტიურდეს ალიანსში ინტეგრაციისთვის შემაშფოთებელია. დე ფაქტო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს დასავლელ მეგობრებს, რომლებიც მას NATO-სკენ უბიძგებენ, ბოლო წლების გაკვეთილების აღიარება არ სურთ. 

"სამხედრო ბლოკში გაწევრიანების მოწოდებისას, დასავლეთის ქვეყნების ლიდერები ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი ხელს უწყობენ აგრესიისა და შეუწყნარებლობის ზრდას საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებაში. აფხაზეთის რესპუბლიკაში კარგად ახსოვთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან ოთხი თვის თავზე როგორ წამოიწყო საქართველომ სისხლიანი ომი სამხრეთ ოსეთთან. რომ არა NATO-ში შესვლის საქართველოს მანიაკალური სურვილი და პარტნიორების მხრიდან ამის წახალისება, შეიძლება, სამხრეთ ოსეთში დატრიალებული ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა. 

აფხაზეთის რესპუბლიკაში არ აქვთ ილუზიები საქართველოს ჭეშმარიტი განზრახვების შესახებ და იღებენ აუცილებელ ზომებს თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. 

2008 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი აღიარა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რეგულირდება ოფიციალური ორმხრივი შეთანხმებით, რაც მათ შორის სამხედრო სფეროსაც მოიცავს. სამხედრო სფეროში შეთანხმებები მიზნად ისახავს აფხაზეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და არანაირად არ მოქმედებს საქართველოზე. ქართული მხარე და მისი დასავლელი მეგობრები რეგულარულად ტირაჟირებენ ინფორმაციას ​საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რაც უბრალოდ აზრს მოკლებულია. სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე საუბრისას საქართველო და მისი მეგობრები დასავლეთიდან პროპაგანდისტული ისტერიის მანკიერ გზას მიყვებიან. ასეთ ქმედებებს პროდუქტიული შედეგი არ ექნება. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ​NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს, მსგავსი დოკუმენტების მიღებისას ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს".

NATO-ს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა 6-9 ოქტომბერს ბუქარესტში ჩატარდა. ასამბლეაზე შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების რეზოლუცია მიიღეს და ევროატლანტიკურ ინტგერაციაში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

კომენტარები