ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობაზე არასათანადო რეაგირებისთვის 3.5 წელიწადში 1 პოლიციელი დაითხოვეს

usnews.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე არასათანადო რეაგირების გამო სამსახურიდან ერთი პოლიციელი გაათავისუფლეს.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე პოლიციელთა მხრიდან არაეფექტური რეაგირების ფაქტების შესახებ ტაბულამ შსს-დან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

უწყების ცნობით, დისციპლინური სახდელი სულ სამინისტროს ხუთ თანამშრომელს დაეკისრა, აქედან 1 სამსახურიდან დაითხოვეს, ერთს სასტიკი საყვედური გამოეცხადა, ორს საყვედური და ერთს შენიშვნა.

აღნიშნული მონაცემები 2014 წლიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ ამ პერიოდში პოლიციელის მხრიდან სავარაუდო არასათანადო რეაგირების ფაქტებზე გენინსპექციაში სულ 507 შეტყობინება შევიდა, თუმცა 471 არ დადასტურდა.

რაც შეეხება სხვა განცხადებებს, შსს-ის ინფორმაციით, 19 საქმე რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეცა, ხოლო 12 შეტყობინების შემთხვევაში სამსახურებრივი შემოწმება არ დასრულებულა.

კომენტარები