სექსუალური შევიწროება

კარა დელევინმა ჰარვი ვაინშტაინთან შეხვედრის ისტორია მოყვა

Time Magazine

ამჯერად, ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ მოდელი და მსახიობი კარა დელევინი გამოვიდა. მან პროდიუსერთან საკუთარი შეხვედრის ისტორია მოყვა.

"თავდაპირველად, როდესაც მსახიობობა გადავწყვიტე, ჰარვი ვაინშტაინისგან ზარი მივიღე. იგი მეკითხებოდა, მქონია თუ არა სექსი იმ ქალთან, რომელთან ერთადაც მედიაში ვჩანვარ. ამაზე მე არაფერი ვუპასუხე და სანამ ტელეფონს დავკიდებდი, ვაინშტაინმა მითხრა, რომ თუ ჰომოსექსუალი ვიყავი, ვერასდროს მივიღებდი ჰეტეროსექსუალი ქალის როლს."- წერს კარა დელევინე ინსტაგრამზე.

დელევინმა იმის შესახებაც დაწერა, როგორ დაპატიჟა ვაინშტაინმა ის სასტუმროს ოთახში და უცნობ ქალთან ერთად ორგია შესთავაზა.

"დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ვაინშტაინს სასტუმროს მისაღებში შევხვდი ფილმზე სასაუბროდ, თან გვახლდა ხელმძღვანელიც. ხელმძღვანელმა მალე დაგვტოვა, ჰარვიმ კი მთხოვა, დავრჩენილიყავი და მასთან მესაუბრა. მან მომიყვა ყველა მსახიობ ქალზე, ვისთანაც სექსი ჰქონია, ასევე მოყვა, როგორ შეუქმნა მათ კარიერა. ამის შემდეგ საკუთარ ოთახში დამპატიჟა. მე უარი ვთქვი და ასისტენტს ვკითხე, მანქანა თუ მელოდებოდა, რაზეც ასისტენტმა მიპასუხა, რომ მანქანა ცოტა ხანს არ იქნებოდა. ამ მომენტში ძალიან შემეშინდა, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ ვცდებოდი. როდესაც ოთახში ავედი, აღმოვაჩინე, რომ იქ კიდევ ერთი ქალი იყო და დავმშვიდდი. ვაინშტაინმა გვთხოვა, რომ ერთმანეთისთვის გვეკოცნა"- წერს მოდელი.

დელევინის თქმით, ვაინშტაინი ეცადა, რომ მისთვის ეკოცნა.

"მე მასთან სწრაფად მივედი და ვკითხე, იცოდა თუ არა, რომ ვმღეროდი. ამის შემდეგ სიმღერა დავიწყე, რათა უკეთესი სიტუაცია შემექმნა. ძალიან ვნერვიულობდი. სიმღერის შემდეგ კვლავ გავიმეორე, რომ მივდიოდი. მან კართან მიმიყვანა და ეცადა, რომ ჩემთვის ტუჩებში ეკოცნა. მე ის გავაჩერე და ოთახიდან გავედი."- წერს დელევინი.

ჰარვი ვაინშტაინს რამდენიმე მსახიობმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი, მათ შორის არიან ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ. გარდა ამისა, სამმა მსახიობმა ქალმა თქვა, რომ ცნობილმა პროდიუსერმა ისინი გააუპატიურა. გუშინწინ, ჟურნალმა New Yorker-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც პროდიუსერი იტალიელ მსახიობ ქალს აბაზანაში შეყოლას აიძულებს.

კომენტარები