არჩევნები 2017

EECMD: ყველაზე დათვლადი წინასაარჩევნო პროგრამა ელენე ხოშტარიას აქვს

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია EECMD-იმ წარადგინა პოლიტიკური პარტიების კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ფინანსურად ყველაზე დათვლადი წინასაარჩევნო პროგრამა ელენე ხოშტარიას აქვს. ორგანიზაციამ აღნიშნული შედეგები ვებგვერდ partiebi.ge-ის მეშვეობით გამოაქვეყნა.

ჰოლანდიის საელჩოს დაფინანსებით მომზადებული რეიტინგი ეფუძნება რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს, ესენია: ეკონომიკური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, ქალაქის მმართველობა, საზოგადოებრივი/ურბანული ინფრასტრუქტურა, ურბანული მობილობა, გარემოს დაცვა, კულტურა სპორტი და ახალგაზრდობის პოლიტიკა. EECMD შეეცადა ამ კრიტერიუმებით დაეთვალა ყველა ძირითადი კანდიდატის საარჩევნო პროგრამა, თუმცა პარტიების უმრავლესობამ ვერ შეძლო ორგანიზაციისთვის წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია რათა კონკრეტული დათვლები გაკეთებულიყო. აღნიშნული კრიტერიუმი მხოლოდ სამმა კანდიდატმა ელენე ხოშტარიას, კახა კალაძისა და თენგიზ შერგელაშვილის საარჩევნო პროგრამებმა დააკმაყოფილეს, მათ შორის კი ყველაზე უკეთესად დათვლადი პროგრამა ელენე ხოშტარიას აქვს.

ფინანსური რეიტინგი:


ფოტო: partiebi.ge
"ფინანსური რეიტინგი" არ არის კანდიდატთა პროგრამების სრული შინაარსობრივი ანალიზი და მხოლოდ მათი დათვლის თეორიულ შესაძლებლობას განიხილავს. შესაძლებლობა მოხდეს წინასაარჩევნო პროგრამების ფინანსური და ეკონომიკური განზომილება ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის აუცილებელ და მნიშნელოვან კომპონენტად მიგვაჩნია. ამასთანავე, პროგრამები ხშირად და მართებულად ასევე ეხება ისეთ საკითხებს, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ ეთიკური ან პოლიტიკური განზომილება, რაც არ წარმოადგენს არსებული რეიტინგის ანალიზის საფუძველს. 

ელენე ხოშტარიას პროგრამა ასე გამოიყურება:

“ევროპული საქართველოს” ხედვით, თბილისის განვითარება მიმართული უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის, მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებისა და თითოეული მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისაკენ.

დასაქმების გაზრდა შესაძლებელია გადასახადების შემცირებით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებითა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენით. თბილისის შუაგულიდან რკინიგზის ხაზის გადატანა ათავისუფლებს 1,5 მილიონამდე კვადრატულ მეტრს, რომელსაც ბიზნესსექტორი ბინათმშენებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის აითვისებს, ხოლო თვითმმართველობა - ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის, “ცენტრალური პარკისა” და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად.

“ევროპული საქართველოს” მიერ გატარებული პოლიტიკით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისში შეიქმნება 35,000 სამუშაო ადგილი, 200,000-ზე მეტი პენსიონერი მიიღებს 50-ლარიან ყოველთვიურ საპენსიო დანამატს, ხოლო 100,000-მდე სოციალურად დაუცველი - დამატებით 70 ლარის საარსებო შემწეობას თვეში.

“ევროპული საქართველო” გეგმავს, განავითაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქვეითთათვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შექმნას მოსახერხებელი ინფრასტრუქტურა, მიმართოს რესურსი ავარიული სახლების პრობლემის აღმოსაფხვრელად, საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვითა და კერძო ინვესტიციების ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით მოახდინოს ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია, სატვირთო რკინიგზის გადატანის შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიაზე - 20 ჰექტარზე - გააშენოს “ცენტრალური პარკი”- წერია partiebi.ge-ისთვის პარტიის მიერ გაგზავნილ პროგრამაში.

კომენტარები