საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან ევროპული საქართველოს გამო არ გადავდივართ

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მას შემდეგ გადავადდა, რაც ევროპულმა საქართველომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პრეზიდენტის ვეტოს განხილვის დროს განაცხადა.

სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობა დაინტერესდა რატომ შეიცვალა კონსტიტუციის თავდაპირველი ვერსია.

"ერთადერთი ცვლილება განიცადა დოკუმენტმა იმასთან შედარებით, რაც იყო გაგზავნილი - ეს იყო ვადა პროპორციული სისტემის ამოქმედების. ეს საკითხი შეიცვალა ერთ დღეს, მას შემდეგ, რაც შედგა შეხვედრა ჩემს, ბატონ მამუკა მდინარაძეს და თქვენი პარტიის ["ევროპული საქართველო"] ლიდერებს შორის. ბატონი გიგა ესწრებოდა თქვენგან ამ შეხვედრას და ორი სხვა ლიდერი. ჩვენ შევთავაზეთ თქვენ პოლიტიკურ პარტიას, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პროპორციული სისტემის პირობებში 2020 წელს, ბონუსი კორექტირებული იყო უკვე. ამ პირობებშიც კი თქვენ მხარი არ დაუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. რაც გახდა საფუძველი იმისათვის, რომ შემდეგ ჩვენ... კომისიაში მუშაობისას ქალბატონმა ხათუნამ, ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა არაერთხელ დასვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, შეგვეძლო თუ არა გვესაუბრა 116 კაცის სახელით და მაშინ აბსოლუტურად გულწრფელად და სწორად განვაცხადეთ, რომ 116 კაცის სახელით იმ მომენტში ვერ ვისაუბრებდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კომისიიდან დოკუმენტი იმ სახით გასულიყო, როგორც გავიდა. იქ ეწერა პროპორცული სისტემა 2020 წლიდან. ამის შემდეგ, თქვენი მხარდაჭერის პირობებში, შესაძლებელი იყო ამ ცვლილებების გატანა. ეს ჩვენ გითხარით იმ შეხვედრაზე, რომელიც შედგა. თუმცა, სამწუხაროდ, ამის მიუხედავად თქვენ განაცხადეთ უარი დოკუმენტის მხარდაჭერაზე, რის შემდეგაც გახდა შეუძლებელი 2020 წლიდან პროპორცულ სისტემაზე გადასვლა", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა იმ დათქმით დაიწყო, რომ 2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემა გაუქმდებოდა და ქვეყანა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა. ვენეციის კომისიამ სწორედ ამ პირობით მოამზადა შეფასება. თუმცა, მოგვიანებით საკონტიტუციო კომისიამ თავდაპირველი ვერსია შეცვალა, სადაც პროპორციული სისტემის ამოქმედების თარიღად 2024 წელი დაფიქსირდა.

კომენტარები