საზოგადოებრივი მაუწყებელი

გოცირიძე: მილიონები უნდა დაიხარჯოს, რომ ახალ შენობაში გადავიდეს მოდერნიზებული GDS

ტაბულა

"ეს ნაგებობა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდება. ვინ გადაწყვიტა, რომ ახლა ეს არის პრიორიტეტი? გვინდა კი ლამაზი შენობა, თუ იქ ხელისუფლების მიერ მართული მაუწყებელი განთავსდება? ჯერ დაამტკიცონ მათი მიუკერძოებლობა. ხალხის მილიონები დაიხარჯოს იმისათვის, რომ იქ მოდერნიზებული (შენიღბული) ჯიდიესი განთავსდეს", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით საკუთარ facebook-ზე წერს რომან გოცირიძე.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს ახალი შენობის პროექტი აირჩია. არხის მიერ გამართული სპეციალური facebook კონკურსის შედეგად "თბილქალაქპროექტმა" გაიმარჯვა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მშენებლობის ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება. პროექტის დიზაინისთვის კი არხი 1 მილიონ ლარს გადაიხდის.

როგორი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა:

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=CBK3ut1CawY]

რა შეიძლება დაჯდეს ახალი შენობა:

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახლა მხოლოდ შენობის დიზაინი გამოავლინა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია თუ რა შეიძლება დაჯდეს მთლიანად ამ პროექტის განხორციელება. სავარაუდოდ, პროექტის შესყიდვის, ახალი შენობის აშენების და მისი სატელევიზიო აპარატურით აღჭურვის პროცესი საქართველოს გადასახადის გადამხდელებს 20-30 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა დაუჯდეთ. 

2018 წლის ბიუჯეტით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 5.5 მილიონი ლარით, 52 მილიონ ლარამდე იზრდება. 

სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანია TVMR-ის უკანასკნელი მონაცემებით, საზმაუს რეიტინგი 4.12%-ია. 

ახალი შენობა 1966 წელს აშენებული შენობის მიმდებარედ უნდა აშენდეს.

კომენტარები