საკონსტიტუციო ცვლილებები

აშშ-ის საელჩოს განცხადება კონსტიტუციის მიღებაზე: ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ

პარლამენტი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და ამ გზით კონსტიტუციის მიღებაზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელის მიხედვითაც საელჩო მხარეების მიერ კონსენსუსის მიუღწევლობასთან დაკავშირებით იმედგაცრუებას გამოთქვამს. საელჩოს შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში რეფორმების გაგრძელებისთვის ძლიერ საფუძველს ქმნის იმ შემთხვევაში, როდესაც ის საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსით მიიღწევა. საელჩო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში კონსენსუსი მიღწეული არაა.

"საელჩო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ძლიერ საფუძველს ხანგრძლივი და მტკიცე რეფორმებისთვის, როდესაც ამ ცვლილებებზე საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი არსებობს. საელჩო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და მტკიცედ უჭერს მხარს კომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს", - წერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დღეს 117 ხმით დაძლია. 

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 6 საკითხს ეხებოდა, ესენია:

  1. სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2020-ის ნაცვლად 2024 წლამდე გადავადება.
  2. პარტიების ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა.
  3. 5%-იანი საარჩევნო ბარიერი.
  4. გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი.
  5. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება და მისი 300 ხმოსნისთვის გადაცემა.პრეზიდენტის შეფასებით ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება, რადგანაც ამ შემთხვევაში ქვეყნის პარლამენტი ორპალატიანი გახდება.
  6. პრეზიდენტს შენიშვნა აქვს რელიგიის თავისუფლების შესახებ ჩანაწერთანაც. პრეზიდენტის პროექტით, “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით".

პრეზიდენტის შენიშვნებს ოპოზიციაც იზიარებდა, თუმცა ქართულმა ოცნებამ ის არ გაითვალისწინა.  

კომენტარები