არჩევნები 2017

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დღეიდან დაიწყება

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დღეიდან დაიწყება.

ცესკოს სპიკერის განცხადებით, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, დააკვირდება 2 საერთაშორისო და 6 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 20 დამკვირვებელი.

"საერთო ჯამში, თბილისის 9 სტამბაში დაიბეჭდება 9 546 450 ბიულეტენი. საარჩევნო ადმინისტრაციამ სტამბების შერჩევის პროცესში სხვა კრიტერიუმებთან ერთად ასევე გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორიცაა ერთეულის კონკურენტუნარიანი ღირებულება, საბეჭდი დანადგარის ხარისხი და სტამბების დაცულობა. აღსანიშნავია, რომ ყველა შერჩეული სტამბა აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით",-განაცხადა ანა მიქელაძემ. 

21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში 3 სახის ბიულეტენი გადაეცემა: 

  • ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად;
  • ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად;
  • ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.

კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით, თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენი თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.

ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების ასარჩევად 1088 მაჟორიტარული  განსხვავებული სახის ბიულეტენი დაიბეჭდება. ასევე, 64 სახის სხვადასხვა პროპორციული სიის და თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერის არჩევნებისათვის 64 განსხვავებული სახის ბიულეტენი.

"ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 208 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე)",-განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. საოლქო საარჩევნო კომისიები კი კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდება როგორც ამომრჩეველთა  სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები.

საბოლოო მონაცემებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარები