აშშ-ირანი

დონალდ ტრამპი ირანთან ატომური შეთანხმების გაგრძელებას ხელს აღარ მოაწერს

AP

პარასკევს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ატომური იარაღის თაობაზე ირანთან შეთანხმების გაგრძელებას ხელს აღარ მოაწერს.

შეთანხმება, რომელსაც ხელი ირანმა, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ჩინეთმა 2015 წელს მოაწერეს, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ ირანის ატომურ პროგრამას ლიმიტებს უწესებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყოველ 90 დღეში უნდა დაადასტუროს, რომ ირანი შეთანხმებას ასრულებს. დონალდ ტრამპმა ეს ორჯერ უკვე გააკეთა, თუმცა გუშინდელ განცხადებაში თქვა, რომ კვირას მესამედ ხელს აღარ მოაწერს. ამის შემდეგ კონგრესს 60 დღე ექნება იმის გადასაწყვეტად, ტოვებს თუ არა აშშ შეთანხმებას და აბრუნებს თუ არა სანქციებს.

განცხადებაში დონალდ ტრამპმა ირანს "ფანატიკური რეჟიმი" უწოდა და თქვა, რომ ის შეთანხმების პირობებს არღვევს. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანი ტერორიზმის დაფინანსებაშიც დაადანაშაულა და ახალი სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი.

საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, ირანი სრულად ასრულებს შეთანხმების პირობებს.

საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის თქმით, "აშშ-ის პრეზიდენტს ბევრი ძალა აქვს, თუმცა არა ეს, "რადგან ამ შეთანხმების შეჩერება ერთ ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული.

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებით შეთანხმება მათი საერთო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანის პრეზიდენტს, ჰასან როუჰანის საფრანგეთის მხრიდან შეთანხმების მხარდაჭერა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.

როუჰანის განცხადებით აშშ ახლა ისეთი იზოლირებულია, როგორც არასდროს. "როგორც ჩანს მან [ტრამპმა] არ იცის, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ აშშ-სა და ირანს შორის არ არის." თქვა როუჰანიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით ტრამპის გადაწყვეტილება დასანანია, თუმცა ეს შეთანხმების იმპლემენტაციას ხელს არ შეუშლის.

კომენტარები