ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს

რუსთავი 2

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დეპუტატმა "უკრაინსკაია პრავდას" უთხრა, რომ ბორისპოლის აეროპორტში მესაზღვრეებმა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შესახებ დოკუმენტი წარუდგინეს, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი არ აუხსნეს.

კობა ნაყოფიას თქმით, მას უკრაინიდან საქართველოში გამომგზავრება 20:10-საათიანი რეისით შესთავაზეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ნაყოფია უკრაინაში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით არ შეუშვეს. მისივე თქმით, უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უწყების ხელმძღვანელებს სასამართლო სხდომებზე მოუწევთ განმარტონ  რატომ არ შეუშვეს ნაყოფია ქვეყანაში.

"კობა ნაყოფია აეროპორტში მიზეზების განმარტების გარეშე დააკავეს და მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია, რომელიც მე დავაფუძნე და რომლის საპატიო თავმჯდომარეც ვარ", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები