ლიბერთი ბანკი

ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკის მფლობელი გახდა

ნეტგაზეთი

"ლიბერთი ბანკი" გაიყიდა, მისი 74.64%-ის მფლობელი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია "European Financial Group B.V"(EFG) გახდა.

ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

"ეს გარიგება ბანკის სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი ზრდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგან "EFG"-ის მფლობელები არიან წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში დიდი ოდენობის აქტივებს ფლობენ და მართავენ; მათ გააჩნიათ საქართველოს ბიზნეს სექტორის და განსაკუთრებით საბანკო სექტორის სიღრმისეული ცოდნა", - წერია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარიგება დაფიქსირდა საფონდო ბირჟაზეც, ლიბერთის 3,201,321,628 აქცია გასხვისდა, რაც ბანკის 58.18%-ია. გარიგების ღირებულებამ 83,170,335.90 ლარი შეადგინა. (ერთ აქციაზე დაფიქსირებული ფასი 26 თეთრია).

ეროვნული ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, "ლიბერთი ბანკი" საქართველოსა და TBC-ის შემდეგ მომგებიანობით მესამე ადგილზეა. 2017 წლის მეორე კვარტალში ლიბერთი ბანკმა 20 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 36%-ით აღემატება.

ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკის" შეძენასთან დაკავშირებით პირველი განცხადება 2016 წლის 18 მაისს გააკეთა.  

რუხაძე მის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიით, Hunnewell Partners-ით სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

კომენტარები