ბიორკი

Maroon 5-ის და სხვა კონცერტებისგან განსხვავებით, ბიუჯეტი ბიორკის ჰონორარს არ აფინანსებს

blogspot.com

ბიორკის კონცერტებზე დასასწრები რამდენიმე ასეული ბილეთია დარჩენილი, მათი ღირებულება 200-750 ლარის ფარგლებში მერყეობს, რის გამოც facebook-ში მრავალი მომხმარებელი პრეტენზიას გამოთქვამს. მათი შეფასებით, ბილეთები ზედმეტად ძვირია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ფესტივალის მხარდამჭერია სახელმწიფო პროექტი Check in Georgia. 

ბიორკის კონცერტების ორგანიზატორია SOU Fest-ი. ფესტივალის წარმომადგენლები ტაბულასთან საუბარში ამბობენ, რომ Check in Georgia მათ მხოლოდ ტექნიკური სახის დახმარებას უწევს, რაც საკონცერტო დარბაზის არენდის ღირებულების ფასდაკლებასა და საინფორმაციო მხარდაჭერაში გამოიხატება. კონცერტის კიდევ ერთი სპონსორი სასტუმრო რუმსია.

შესაბამისად, ბიორკის კონცერტი განსხვავდება Aerosmith-ის, Maroon 5-ის და სხვა კონცერტებისგან, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტი არტისტების ჰონორარის მთავარი წყარო იყო. მაგალითად, Black Sea Arena-ზე გამართული Aerosmith-ის კონცერტის ჩატარება საქართველოს გადასახადის გადამხდელებმა 5.5 მილიონი ლარით დააფინანსეს. ბიორკის კონცერტების შემთხვევაში კი ბიუჯეტი ასეთ დაფინანსებას არ გასცემს.

ამის გამო კონცერტის ორგანიზატორებისთვის ხარჯების დაფარვის მთავარი წყარო ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხაა.

SOU Fest-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ბიორკმა კონცერტის ჰონორართან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მაქსიმალურად გაითვალისწინა, ბილეთების ფასები კი მაქსიმალურად დაბალია, რისი შეთავაზებაც შესაძლებელი იყო.

"ვინაიდან ბიორკის კონცერტის ხელმისაწვდომობის საკითხმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, ვხედავთ აუცილებლობას, განვმარტოთ, რატომ არის ბილეთების ფასი ყველაზე იაფი, რისი შემოთავაზებაც შეგვეძლო.

ნამდვილად არ გვჭირდება იმის ახსნა, რომ საქართველოში 300 ლარის საშუალო ფასთან მიმართებაში "იაფი" დამაჯერებლად არ ჟღერს, თუმცა თუკი გადავხედავთ ბიორკის კონცერტების საშუალო ფასს მთელს მსოფლიოში (გასული 12 თვის განმავლობაში ბიორკის კონცერტზე დასასწრებად რამდენჯერმე მეტს, საშუალოდ არანაკლებ 900 ლარის ექვივალენტს იხდიდნენ, ყველაზე ძვირადღირებული ბილეთების ფასი 5,212 ლარს შეადგენდა, ხოლო ყველაზე იაფი – 190 ლარს) ნათელია, რომ SOU-ს ფარგლებში ამ რანგის კონცერტზე მოსახვედრად გადასახდელ ფასთა დიაპაზონი მართლაც მინიმალურია.

ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ საქართველოში კონცერტზე დასასწრები ადგილების რაოდენობა 3,000-მდეა შეზღუდული, რადგან თავად არტისტის მიერ შერჩეული ფილარმონიისა და ოპერის ინფრასტრუქტურა მეტის საშუალებას არ იძლევა. ამას კიდევ უფრო უნდა გაეძვირებინა საქართველოში ღონისძიების ჩატარება უცხოელი კოლეგების საშუალო ფასთან შედარებით. ამიტომ SOU Fest-ი საგანგებო მადლობას უხდის არტისტსა და მთელ საორგანიზაციო გუნდს, რომ გაითვალისწინა ქვეყნის ეკონომიკური სპეციფიკა.

მიუხედავად ამ გულისხმიერებისა, ალბათ საგანგებო აღნიშვნას არ საჭიროებს, რომ ბიორკის კონცერტის საქართველოში გამართვა ორგანიზატორებისა და მხარდამჭერებისთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა – ხოლო ფაქტი, რომ კონცერტი არ იმართება 50,000-ის ტევადობის სტადიონსა თუ დარბაზში, ბუნებრივია, ბილეთის საშუალო ფასზეც აისახება. მიუხედავად ამისა, სპონსორების უანგარო და გულითადი თანადგომით ჩვენ შევძელით მიგვეღწია იმისთვის, რომ ბილეთის საშუალო ფასი არ აჭარბებს მინიმალურ ფასს, რომელიც მრავალ ათეულ ათასიან სტადიონზე, სულ ბოლო რიგში ადგილისთვის გადაიხდიდით.

თქვენ უკვე იცით, რომ SOU ფესტივალი ყოველთვის გამოირჩეოდა სოციალური ფასებით. გასულ ორ ფესტივალზე – რომელმაც კლასიკური და ექსპერიმენტული სცენის უმნიშვნელოვანესი მუსიკოსების კონცერტი საქართველოში შესაძლებელი გახადა – დასწრების მინიმალური ფასი უპრეცედენტო 10 ლარი იყო. SOU 2017ის სტუმრებს შეეძლოთ 30-მდე ღონისძიებას ჯამში 300 ლარად დასწრებოდნენ 2 თვის განმავლობაში, რის გამოც სამართლიანად დავიმსახურეთ გულთბილი გამოხმაურება. 

ამის შემდეგ ფასწარმოების მოდელში არაფერი შეცვლილა, შეიცვალა ფინანსური გარემოებები – რა სახსრებით გვიწევს მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების მორიგი დღესასწაულის შემოთავაზება.

SOU 2017-ზე დასწრების სიიაფე, კერძო სპონსორებთან ერთად, განაპირობა სახელმწიფოს გულითადმა თანადგომამ და მსხვილმა ფინანსურმა მხარდაჭერამ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში. ბიორკის კონცერტი იგივე საკონკურსო წელს ტარდება, შესაბამისად ფულადი მხარდაჭერის იმედი სახელმწიფოსგან ვეღარ გვექნებოდა. ბიორკის ღონისძიებისთვის სახელმწიფოს როლი გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერაში, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით Check in Georgia-ს", - წერია SOU Fest-ის განცხადებაში. 

ონლაინ პლატფორმა SeatGeek-ის მონაცემებით, გასული 12 თვის განმავლობაში ბიორკის მიერ გამართულ კონცერტებზე საშუალო ბილეთის ფასი $362-ია, სადაც ყველაზე იაფი ბილეთების ღირებულება $76-დან იწყება, ყველაძე ძვირი კი $2.102 ღირს.

კომენტარები