არჩევნები 2017

კალაძე ხოშტარიას: ინტელექტუალ ქალბატონად გიცნობთ, დღეს ლეიბორისტივით საუბრობთ

„მე თქვენ გიცნობთ, როგორც ინტელექტუალ ქალბატონს და დღეს როგორც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, ისე საუბრობთ“ - ასე მიმართა კახა კალაძემ ელენე ხოშტარიას რუსთავი 2-ზე გამართულ მერობის კანდიდატების დებატში.

მმართველი გუნდის კანდიდატის რეპლიკა ევროპული საქართველოს კანდიდატის გამოსვლას მოყვა. ელენა ხოშტარიამ კახი კალაძე ამომრჩევლის მოტყუებაში დაადანაშაულა.

„კახი კალაძე, რომელიც დღეს დგას, რაღაც კოშკებს გვპირდება და ფოტოშოფის ფოტოებს გვაჩვენებს, ადამიანებს ეუბნებოდა, რომ დენი და გაზი იქნებოდა უფრო იაფი, მათ კი ეს გაუძვირდათ. კახი კალაძის გუნდი ამბობდა, რომ პენსია იქნებოდა 250 ლარი - დღეს პარლამენტში ქართული ოცნება გვეუბნება, რომ პენსიები არ გაიზრდება 50 ლარით, როდესაც ჩვენ მივუთითებთ, საიდან შეიძლება ეს მოხდეს. ეს არის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, როდესაც მთელი ფული მიდის პრემია-დანამატებში. დღეს კახი კალაძე ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. მაინტერესებს, როდის ატყუებდით ხალხს, როდესაც ეუბნებოდით, რომ 250 ლარი იქნებოდა, თუ ახლა?“ - თქვა ხოშტარიამ.

„წინა დებატებზე კანდიდატების ნაწილი მთელი დებატების განმავლობაში საუბრობდა ჩემზე და არა იმაზე, თუ რა კონკრეტული პრეოქტების განხორციელება აქვს დაგეგმილი. სხვათაშორის, ქალბატონი ელენესი მართლა მიკვირს, იმიტომ, რომ მე თქვენ გიცნობთ, როგორც ინტელექტუალ ქალბატონს და დღეს როგორც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, ისე საუბრობთ“ - უპასუხა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სოციალური მიმართულების დაპირებებს, ხოშტარიამ ხარჯების შემცირების გზით პენსიის 50 და სოციალური დახმარების 70 ლარით ზრდაზე, ასევე 35 ათასი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ ისაუბრა, კალაძემ კი თქვა, რომ „ციფრების ბრახაბრუხს“ ისმენს და კონკრეტულ დაპირებად 22 მუნიციპალური სოციალური პროგრამა დაასახელა, ეკონომიკურ ზრდასთან და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან ერთად.

კომენტარები