სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენი: სკოლის თანამშრომელთა ნაწილი ყვირილს და ცემას ძალადობად არ მიიჩნევს

edu.aris.ge

სახალხო დამცველის ცნობით, მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა ნაწილი ცემას, წამორტყმას და ყურის აწევას ძალადობად არ მიიჩნევს, რაც პრობლემაა. ომბუდსმენმა "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის" შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სკოლებში როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის კუთხით ვითარება მძიმეა. 

სახალხო დამცველმა ძალადობის კუთხით სკოლებში არსებული ვითარების მონიტირინგი 98 საჯარო სკოლაში, 5 კერძო და 6 სკოლა-პანსიონში ჩაატარა. 

"მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის კუთხით. ბულინგი კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რაც სამწუხაროა. ძალიან ბევრ პირს, რომელიც სკოლაში მუშაობს, არ აქვს ნათელი წარმოდგენა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მისი პრევენციის და რეაგირების მექანიზმებზე. ცალკე გამოსაყოფია ისიც, რომ ზოგიერთი მოსწავლე და მასწავლებელი ძალადობად არ აღიქვას ძალადობის ცალკეულ სახეებს, როგორიცაა ცემა, თავში წამორტყმა, ყურის აწევა, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს”, - თქვა უჩა ნანუაშვილმა. 

ანგარიშის თანახმად, ძალადობის სხვადასხვა ფორმიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს. ომბუდსმენის ცნობით, მოსწავლეების მიმართ ყვირილის პროცენტურლი მაჩვენებელი ასეთია:

მანდატურები - 20%, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან - 47%, დამრიგებლების შემთხვევაში - 61%, ხოლო საგნის მასწავლებლის მხრიდან - 78%. სკოლის თანამშრომელთა 25% ყვირილს ძალადობად არ მიიჩნევს. 
 
“ჩვენ კონკრეტული შემთხვევები შევისწავლეთ, სადაც საჭირო იყო ჩვენი რეაგირება. ჩავთვალეთ, რომ რამდენიმე საქმის შესწავლა დაგვეწყო. არ გამოვრიცხავ რამდენიმე საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს”, - ამბობს ომბუდსმენი. 

უჩა ნანუაშვილი ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმის დასახვეწად. 

კომენტარები