სერგეი მედვედევი

2014-2017 წლების რუსეთი - ყირიმის პერიოდის პარკის პრეზენტაცია 23 ოქტომბერს გაიმართება

0 კომენტარი

სერგეი მედვედევის „ყირიმის პერიოდის პარკი“ ალუზიას პირდაპირ გვთავაზობს.

მაიკლ კრაიტონის სპილბერგისეული ეკრანიზაცია, ანუ გასართობად კლონირებული დინოზავრების ნადირობა მათ შემქმნელებზე, რაღაცით ნამდვილად წააგავს პუტინის მმართველობას. არ ვიცი, ამ უკანასკნელის დინოზავრული ბუნების გამღვიძებლად ბერეზოვსკის ოლიგარქია წარმოვიდგინო, თუ ყველაფერი თავისთავად და გარდაუვლად მოხდა, მაგრამ წიგნის შინაარსს რომ დავუბრუნდეთ, ერთი რამ ცხადია - ესაა ჟურნალისტის მახვილი თვალისა და ისტორიკოსის აკადემიურობის სინთეზი, რომელიც 2014-2017 წლების რუსეთის ასახსნელადაა მომართული.

სერგეი მედვედევი წლების განმავლობაში წერდა ესსეებს „ფორბსისთვის“, „სლონისთვის“, მასპინძლობდა და მასპინძლობს საავტორო გადაცემას „დოჟდზე“. პარალელურად, იგი ქმნიდა სამეცნიერო ტექსტებს ევროპა-აზიის გზაგასაყარზე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა თუ იდენტობის კრიზისზე. ესეების ნაწილი, რომელიც პუტინის მმართველობის მესამე პერიოდს ეძღვნება, 2017 წელს აიკინძა და ამ კრებულს „ყირიმის პარკის პერიოდი“ ეწოდა. ერთერთ პრეზენტაციაში ავტორი „მადლობას“ უხდის რუსულ ხელისუფლებას იმ გაოცებებისა თუ შემოქმედებითი ინსპირაციისათვის, რომელსაც მოსკოვურ საცობებში რადიოს სმენისას განიცდიდა.

"აი, აღარაფერ ახალს რომ არ ელოდები ამ ხელისუფლებისაგან, მაინც ხდება რაღაც ისეთი, რაც ცხოველად წარმოგადგენინებს მთელი რუსული ისტორიის მატრიცას, რომელიც საიდანღაც ჭაობიდან ამოვიდა და საკუთარი მოდელების კვლავწარმოებითაა დაკავებული" - დაახლოებით ასე ხსნიდა მედვედევი ამ "მადლობის" მიზეზს.

თავის მეთოდს სერგეი ნახევრადაკადემიურს, ნახევრადირონიულს და ნახევრადპუბლიცისტურს უწოდებს. მაგრამ იქვე დასძენს, რომ "დინოზავრები“ "ყირიმის პარკში“ მართლა ჭამენ ადამიანებს, ტრაგედიები შემაძრწუნებელია. ოღონდ ავტორი, ამ თანამედროვე აპოკალიფსის მხილების საქმეს ჟურნალისტური მახვილსიტყვაობით გაკეთილშობილებული აკადემიური სისტემატიზაციით ემსახურება.

წიგნის მკითხველი ნახავს საინტერესო კოლაჟს დღევანდელი რუსეთის მსოფლმხედველობრივ-პოლიტიკური არსის შესახებ.

დონბასში დაღვრილი სისხლის, არქტიკაში გრინ პისის გემზე თავდასხმის თუ პოსტსაბჭოური რუსული ელიტის სხვა ქმედებების პოსტმოდერნული ანალიზი დახუნძლულია იმწუთიერი შთაბეჭდილებებით, რომლებსაც, მაგალითად, შნუროვის ეპატაჟური ჰიტები და პერფორმანსები ქმნის. ხომ გახსოვთ москва, по ком звонят твой колокола?

ვფიქრობ, რუსული „დერჟავის“ სრულიად ანტიადამიანურ ბუნებას თუ რაიმე, ოდესმე აწონასწორებდა, რათა სახელმწიფოსთან ერთად კულტურის მრავალსახეობაც არ დეგრადირებულიყო, ესაა რუს ინტელექტუალთა მსოფლმხედველობრივი და ენობრივი სიმდიდრე თუ გაბედულება. სერგეი „ყირიმის პარკში“ ცხოვრობს და მასში კიდევ ერთხელ დატრიალებულ უბედურებას ებრძვის.

მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორის სერგეი მედვედევის წიგნის - ყირიმის პერიოდის პარკი - პრეზენტაცია 23 ოქტომბერს, 17:00-ზე, ლიგამუსში გაიმართება. პრეზენტაციას ავტორიც დაესწრება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები