ქალების ჩაგვრა

Pussycat Dolls-ის წევრი: ბენდის კი არა, პროსტიტუციის რგოლის წევრი ვიყავი

პოპულარული ბენდის Pussycat Dolls-ის ყოფილი წევრი კაია ჯონსი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ქალების მიმართ ჩაგვრის წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ინტერნენტკამპანიას შეუერთდა. ჯონსმა დაწერა, რომ ჯგუფის წევრ გოგონებს პროდიუსერები ისე ექცეოდნენ, "როგორც პროსტიტუტებს". მისი თქმით, პროდიუსერები მათ ინდუსტრიის ელიტასთან სექსის ქონას აიძულებდნენ და თუკი ისინი ამაზე ხმას ამოიღებდნენ, მათ მოკვლით ემუქრებოდნენ. 

"ჩემი სიმართლე. მე არ ვიყავი გოგონების ბენდში, მე პროსტიტუციის რგოლში ვიყავი. ოჰ და, ამასთან, ვმღეროდით და ცნობილებიც ვიყავით მაშინ, როდესაც ჩვენი მეპატრონეები დოლარებს შოულობდნენ,"- წერს კაია ჯონსი.

Twitter პოსტების სერიაში, კაია ჯონსი ამბობს, რომ მათი "მესაკუთრეები" აიძულებდნენ მასა და ბენდის სხვა წევრებს სექსი ჰქონოდათ ყველასთან, ვისზეც ისინი ეტყოდნენ. 

"რამდენად ცუდი იყო ეს? ხალხი კითხულობს - იმდენად ცუდი, რომ უარი ვთქვი ჩემს ოცნებებზე, ბენდის მეგობრებსა და $13-მილიონიან კონტრაქტზე. ჩვენ ვიცოდით, რომ ვიქნებოდით #1,"- წერს კაია ჯონსი. 

ჯონსმა ამ ყველაფრის ორგანიზატორ ქალსაც დაუსვა კითხვა ისე, რომ მისი სახელი და გვარი არ გაამხილა. 

"მე მინდა, რომ ჯოჯოხეთის ორგანიზატორმა აღიაროს, მისი კიდევ ერთი გოგონების ბენდის წევრმა რატომ მოიკლა თავი? მოუყევი პუბლიკას, როგორ გაგვტეხე სულიერად".

Twitter-ის მომხმარებლებმა მაშინვე დააკავშირეს ჯონსის მოყოლილი ბენდ G.R.L.-ის ერთერთ წევრზე, საიმონ ბატლზე, რომელმაც 2014 წლის სექტემბერში მოიკლა თავი. კაია ჯონსმა არ დაადასტურა, რომ ის ბატლზე საუბრობდა. 

კაიამ ასევე ახსნა, რატომ ეშინია ამდენ ადამიანს დიდი ძალაუფლების მქონე ინდუსტრიის წარმომადგენლების შესახებ ლაპარაკის. 

"რატომ არ ვთქვით აქამდე? იმიტომ, რომ ყველა დაჩაგრულები ვართ. მე პირადად გამაფრთხილეს კიდეც, რომ თუკი რაიმეს ვიტყოდი ... ან მომკლავდნენ ან კარიერას დამისამარებდნენ. 2004 წელს ჰოლივუდის წარმომადგენლებს მოვუყევი ეს. 2005-2006 წლებში პრესას. 2011 წელს კიდევ ერთხელ ამოვიღე ხმა. იმედი მაქვს, 2017 წლის მედია მაინც გაიგონებს ჩემს ხმას,"- დაწერა კაია ჯონსმა. 

კომენტარები