ბიუჯეტი 2018

ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველოს ვალი გაორმაგდა

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 2018 წელს მთავრობა 1.6 მილიარდი ლარის მოცულობის საგარეო და 400 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალის აღებას გეგმავს. საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ახალი გვირაბებისა და გზების) აშენებას მოხმარდება, თუმცა მის შედეგად მთავრობის ვალი 18.1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც 94%-ით მეტია იმაზე, რაც საქართველოს 2013 წელს ჰქონდა.

მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეაფასა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით:

"მიზანშეწონილია, დამატებითი ყურადღება გამახვილდეს სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების მინიმიზაციაზე. აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთ მიდგომად განიხილება სახელმწიფო ვალის პორტფელში საგარეო ვალის წილის შემცირება, რისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს განვითარებული საშინაო საკრედიტო ბაზარი", - წერია ანგარიშში.

2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტისა და ვალის მიმართება 44.8%-ს მიაღწევს. საქართველოში მოქმედებს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშპ-სთან მიმართებით ვალმა 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობას მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად შეუძლია დამატებითი ვალების აღება. თუმცა საინტერესოა, რომ ვალის ნიშნული უკვე აჭარბებს ოცნების ხელისუფლების მიერ 2014 წელს მიღებულ სტრატეგიულ დოკუმენტ "საქართველო 2020"-ში განსაზღვრულ 40%-იან ნიშნულს.

ვალის მაჩვენებლები წლების მიხედვით (სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით)

  • 2013 - 9.3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7%
  • 2014 - 10.4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6%
  • 2015 - 13.2 მილიარდი ლარი, მშპ-ის 31.7%
  • 2016 - 15.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.6%
  • 2017 - 15.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 43.4%
  • 2018 - 18.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.8%

2018 წლისთვის სახელმწიფო ვალის პორტფელის ზრდა გამოწვეულია, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის მოცულობის ზრდით, თუმცა, საგარეო ვალის ზრდის ეფექტი სახელმწიფო ვალის ნაზრდში გაცილებით დიდია. კერძოდ, იგი გაზრდილი მოცულობის 84%-ს შეადგენს. შესაბამისად, იზრდება საგარეო ვალის ნაშთი მთლიანი ვალის პორტფელში 0.7 პროცენტული პუნქტით და 78.3% წარმოადგენს. ამგვარად, სავალუტო რისკი წინა წლების მსგავსად ისევ რჩება სახელმწიფო ვალის პორტფელის მთავარ რისკ-ფაქტორად. სავალუტო კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც სახელმწიფო ვალის ნაშთზე, ასევე საბიუჯეტო წლის განმავლობაში საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების (ძირითადი თანხა+პროცენტი) სიდიდეზეც. 

ფოტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ალეკო შუღლაძე

კომენტარები