ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება

ოფიციალური თბილისი დმიტრი მედოევის იტალიაში ვიზიტს კერძო პირის ვიზიტად აფასებს

mfa-rso.su

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიაში ვიზიტით იმყოფება. РИА Новости  წერს, რომ ვიზიტის მიზანს იტალიას და სამხრეთ ოსეთს შორის ბიზნეს კავშირების გზების მოძებნა წარმოადგენს. რუსული პრესის ცნობით, მინისტრი იტალიაში პეზაროურბუნოს პროვინციაში სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ალბერტო დრუდას მიწვევით იმყოფებოდა. 

"პესაროში ვიზიტის მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების, ახალი ბიზნეს კონტაქტების მოძებნა იყო. ჩვენ ვიყავით ღვინისა და ყველის  საწარმოებში, გავიცანით ეს პროვინცია და ვნახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია საფუძველი დავუდოთ სამომავლო ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამ თანამდებობაზე პირველი ვიზიტით რუსეთში ვიყავი, ახლა კი მოვიდა იტალიაში ვიზიტის დრო, რომელიც ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ბოლო დროს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის მიმართ შესამჩნევი ინტერესი გამოავლინა", - ამბობს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი მედოევი

დმიტრი მედოევის იტალიაში ვიზიტს ოფიციალური თბილისი კერძო პირის ვიზიტად აფასებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, დიმიტრი მედოევის მიერ იტალიაში გამართულ შეხვედრებს ოფიციალური ხასიათი ვერ ექნება, ვინაიდან ოფიციალური რომი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. 

"იტალია არის მტკიცე მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ეს არაერთხელ დაფიქსირდა. ამ პიროვნების იტალიაში ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც კერძო პირის ვიზიტი და როგორც კერძო შეხვედრებში მონაწილეობის მიღების კონტექსტში. როგორც კერძო პირს, მას შეიძლება ქვეყანაში ჩასვლა ვერავინ აუკრძალოს, მაგრამ იტალიის პოზიცია ამ შემთხვევაში ნათელია", - ამბობს მახარობლიშვილი

კომენტარები