Gazprom

გოცირიძე: Gazprom-ი ტრანზიტში იმაზე სამჯერ ნაკლებს გვიხდის, ვიდრე ეს ადრე იყო

პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის მიერ მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის მიხედვით, Gazprom-ი საქართველოს ბუნებრივი აირის მაგისტრალური მილსადენით გატარებაში 1000 კუბურ მეტრზე $3 დოლარს უხდის, რაც ჯამში იმაზე სამჯერ ნაკლები გამოდის, რასაც გაზის გატარებაში საქართველო წარსულში იღებდა.

"ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 221 კილომეტრია, ხოლო წლის განმავლობაში გატარებული ტრანზიტული გაზის მოცულობა შეადგენს 2 მილიარდ მეტრ კუბს.

საქართველოს, ტრანზიტის საფასურად, ნატურის სახით რჩებოდა 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომლის ღირებულება უდრის დაახლოებით 40 მილიონ დოლარს (100 მილიონი ლარი). ტრანზიტის საფასური ახალი ხელშეკრულებით არის 3 დოლარი ყოველ 100 კილომეტრზე გატარებულ 1 000 მ3 გაზზე . შესაბამისად, საქართველო ახალი ხელშეკრულებით გაზპრომისგან მიიღებს 13.3 მილიონ დოლარს (33.25 მილიონი ლარი).

ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის გამო, ქვეყნისთვის წელიწადში მიყენებული ზარალი შეადგენს 26.7 მილიონ დოლარს (66.75 მილიონ ლარს)", - ამბობს რომან გოცირიძე.

მთავრობა Gazprom-თან დადებული კონტრაქტის დეტალებს არ ასაჯაროებს, რადაგნაც ის კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. 

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას 2015 წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა, რითიც ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის მიღების სქემა შეიცვალა. 

წარსულში საქართველოს სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის 10% უფასოდ რჩებოდა.

კომენტარები