არჩევნები 2017

მონიტორინგის მიხედვით, საზმაუს ხელისუფლების მიმართ რბილი, არა მოდარაჯე პოზიცია აქვს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველ არხს ხელისუფლების მიმართ რბილი, არა მოდარაჯე პოზიცია აქვს.

მედიამონიტორინგს ეთიკის ქარტია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ატარებს.

საანგარიშო პერიოდში არხმა ყველაზე მეტი დრო მთავრობის გაშუქებას დაუთმო. ამასთან, მაუწყებელმა ყველაზე დადებითად საქართველოს პრემიერმინისტრი გააშუქა, ყველაზე უარყოფითად კი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

გარდა ამისა, მედიამონიტორინგის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველი არხის ეთერში ყველაზე მეტი დრო "ქართული ოცნების" კანდიდატს დაეთმო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კახა კალაძის დადებითი გაშუქება მინიმუმ სამჯერ აღემატებოდა კონკურენტების დადებით გაშუქებას. მერობის კანდიდატების უარყოფითი გაშუქება პირველ არხზე რაოდენობრივი თვალსაზრისით შესამჩნევი არ ყოფილა.

"მოამბის მთავარ გამოშვებაში მეტ-ნაკლებად ყველა მნიშვნელოვანი ამბავი აისახება. ზოგჯერ გამონაკლისია ისეთი თემები, რომლებიც სხვა არხზე გაჟღერების შემდეგ გახდა საყოველთაო განხილვის საგანი, თუმცა მოამბემ არ შეიმჩნია. გადაცემა არ გამოირჩევა ხელისუფლებისადმი განსაკუთრებულად კრიტიკული სიუჟეტების მომზადებით, მას ვერ ვუწოდებთ მოდარაჯე  საინფორმაციო გამოშვებას. იშვიათია შემთხვევა, როცა მწვავე ექსკლუზივი მოხვდება მოამბის ბადეში. მაუწყებელი თითქმის ვერ ავლენს კორუფციულ ფაქტებს, იშვიათად აშუქებს ადამიანის უფლებების დარღვევის ექსკლუზიურ შემთხვევებს, თუმცა აშუქებს თითქმის ყველაფერს და უმეტესწილად დაბალანსებულად. მოამბეში ხშირად შეხვდებით საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებს, მაგალითად აჭარაში გაზგასამართი სადგურის აფეთქებიდან რამდენიმე კვირაში მოამბემ საინტერესო სიუჟეტი მიუძღვნა სახელმწიფოს მხრიდან გაზგასამართი სადგურების შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებს. აშუქებს შრომით უფელებებს, ტურიზმის განვითარების პრობლემებს და ა.შ.

საერთო ჯამში, როგორც რაოდენობრივმა მონიტორინგმა აჩვენა, მოამბეში ყველაზე დადებითად ხელისუფლება გაშუქდა. (მთავრობა, პრემიერი, ქართული ოცნება, კახა კალაძე)", - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკის დასადასტურებლად კონკრეტული სიუჟეტებიცაა მოყვანილი.

"6 ივლისის საინფორმაციო გამოშვებაში სამ წუთიანი სიუჟეტი მიეძღვნა კახა კალაძის ბოლო სამუშაო დღეს ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე, სადაც ის დადებითად იყო წარმოჩენილი. ჟურნალისტმა ჩამოთვალა მისი მიღწევები. კალაძეს აქებდა პრემიერი. სიუჟეტის პათოსი იყო, რომ კალაძემ ყველა პროექტი განახორციელა, გარდა ხუდონ ჰესის აშენებისა; თუმცა ეს “ლაქაც” სიუჟეტშივე გააუფერულა ენერგეტიკის ექსპერტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ისიც ემხრობა ხუდონის მშენებლობას, უბრალოდ დიდი წინააღმდეგობა გახდა ამ პროექტის განხორციელების ხელისშემშლელი", - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, მოამბის ეთრში გავიდა მასალა თბილისში პარკირების პრობლემის მოგვარებაზე, რომლის წარდგენისას წამყვანმა საკრებულოს მიერ თავისუფლების მოედანზე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლა პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინა: "პროექტი, რომელიც დღეს პროტესტის მიზეზი გახდა, თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის - პარკირების პრობლემის გადაჭრას გულისხმობს". 

"წამყვანის ეს ტექსტი  სუბიექტურია და არ გამომდინარეობს ფაქტებიდან. პუშკინის სკვერში ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია 30 დან 120-მდე (სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით) პარკირების ადგილის მოწყობას გეგმავს, (აქედან ნაწილი ივანიშვილთან დაკავშირებულ სასტუმროს მოემსახურება) რაც ზღვაში წვეთია თბილისისთვის, რომელსაც პარკირების მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. დაუშვებელია, როცა ჟურნალისტი და წამყვანი პრობლემურ ამბავს სუბიექტურად ფუთავენ და ასე წარუდგენენ საზოგადოებას. უმჯობესი იყო, ჟურნალისტს მეტი ინფორმაცია, ფაქტები მოეძიებინა, გაეანალიზებინა და სიუჟეტი მხოლოდ ოპოზიციის და ხელისუფლების პოლიტიკურ ბრალდებებზე და საკუთარ სუბიექტურ შეფასებებზე არ აეწყო", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის "2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა" ფარგლებში მედიამონიტორინგს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ატარებს.

მონიტორები აკვირდებიან 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს - (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს.

მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, რიონი, გურჯაანი, გურია, ქვემო ქართლი, თრიალეთი, ოდიში, მეცხრე არხი. სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ხუთი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ცხრა კი - რეგიონებში.  

დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ასახავს 19 ივნისი - 8 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს. 

ტელევიზიების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.

კომენტარები