ბიუჯეტი 2018

ნიკოლოზ გაგუა: ვალის მიმართება მშპ-სთან 2024 წლისთვის 45%-იდან 37%-მდე შემცირდება

ფინანსთა სამინისტრო

"ქვეყანაში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებით ფინანსდება და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ვალი 2020-2021 წლებამდე 45 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. თუმცა, უფრო გრძელვადიან პერიოდში, ბიუჯეტის დანართით წარმოდგენილი ვალის მდრადობის ანალიზის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვითაა შედგენილი, 2024 წლისათვის 37%-მდე პროცენტამდე უნდა შემცირდეს,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, მთავრობა სესხების აღებით არ აფინანსებს მიმდინარე ხარჯებს.

2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 2018 წელს მთავრობა 1.6 მილიარდი ლარის მოცულობის საგარეო და 400 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალის აღებას გეგმავს. საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ახალი გვირაბებისა და გზების) აშენებას მოხმარდება, თუმცა მის შედეგად მთავრობის ვალი 18.1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც 94%-ით მეტია იმაზე, რაც საქართველოს 2013 წელს ჰქონდა. 2018 წლისთვის ვალის მიმართება მშპ-სთან 44.8%-ს მიაღწევს.

ნიკოლოზ გაგუას თქმით, ვალის ნომინალურ გამოხატულებაში (ლარებში) ზრდის უმთავრესი მიზეზი დოლარის გამყარებაა, დოლარში გამოხატული ვალის მოცულობა კი სტაბილურია:

"ბოლო წლებში გლობალურად ძლიერი დოლარის გამო ბევრ ქვეყანას გაეზარდა სახელმწიფო ვალი. ამ კუთხით საქართველო არ არის გამონაკლისი. სწორედ ეს იყო სახელმწიფო ვალის ზრდის მთავარი მიზეზი. თუმცა, სახელმწიფო ვალის ნომინალური ღირებულება დოლარში სტაბილურია. მაგალითად, 2013 წლის ბოლოს, სახელმწიფო საგარეო ვალის ოდენობა აშშ დოლარში 4.2 მილიარდი იყო, იგივე მაჩვენებლები ფიქსირდება 2016 წლის ბოლოს - 4,5 მილიარდი აშშ დოლარი. ანუ 2013-2016 წლებში, დოლარში საგარეო ვალი გაიზარდა მხოლოდ 0,3 მილიარდი დოლარით, ანუ საშუალოდ წლიურად უცხოური ვალი მხოლოდ 2 პროცენტით იზრდება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, სახელმწიფო ვალმა მშპ-სთან 2016 წლის ბოლოს შეადგინა 44.6 პროცენტი. თუმცა, მიმდინარე პერიოდში გამოკვეთილია აღნიშნული მაჩვენებლის სტაბილიზაციის და შემცირების ტენდენცია. მაგალითად, 2017 წლის მეორე კვარტლისათვის ეს მაჩვენებელი უკვე 42.72 პროცენტს შეადგენდა.

ვალის მაჩვენებლები წლების მიხედვით (სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით)

  • 2013 - 9.3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7%
  • 2014 - 10.4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6%
  • 2015 - 13.2 მილიარდი ლარი, მშპ-ის 31.7%
  • 2016 - 15.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.6%
  • 2017 - 15.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 43.4%
  • 2018 - 18.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.8%

ბიუჯეტის საოპერაციო სალდო (მიმდინარე შემოსავლებს მინუს მიმდინარე ხარჯები) დადებითია. "2018 წლისთვის საოპერაციო სალდო 1,9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე შემოსავლები აფინანსებს მიმდინარე ხარჯებს და დარჩენილი 1,9 მლრდ ლარი მიემართება კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად, ასევე სესხების გასასტუმრებლად. მთავრობის მიერ დასახული ეკონომიკური მიზნის მისაღწევად 1,9 მლრდ-ის ინვესტირება (მშპ-ის 4,9 პროცენტი) არაა საკმარისი. სწორედ ამ მიზნით ხდება დამატებით საგარეო და საშინაო ბაზარზე ფინანსური რესურსების მობილიზება,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ. 

 

კომენტარები