არჩევნები 2017

საია მარნეულის ინციდენტზე: ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია

საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გუშინ ღამით მარნეულში მომხდარ ინციდენტს შემაშფოთებელს უწოდებს და დანაშაულის მოტივის მიუკერძოებლად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ყველაზე მძიმე შემთხვევაა. 

"ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, მძიმე შემთხვევა რაც ამ დროისთვის არის დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირის დონეზე. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ წინასაარჩევნო პერიოდში თუ ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე იქნება ასევე მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იქნება გამოძიება აყვანილი. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მინისტრის განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულია და კვალიფიკაციაც საზოგადოებისთვის ცნობილია. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის დანაშაულის მოტივის მიუკერძოებლად, სრულყოფილად და დროულად გამოძიება", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

გუშინ გვიან ღამით, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ქართული ოცნების ოფისთან 4 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილებს შორის პარტიის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი და მოქმედი დეპუტატი არიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით იძიებს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები