არჩევნები 2017

საბიუჯეტო რეკლამის 52% მთავრობამ იმედს დაუკვეთა

facebook.com/pg/kakhakaladzeofficial

საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შეკვეთილი ვიდეორგოლების ეთერში გაშვებით წელს ყველაზე მეტი ფული იმედმა გამოიმუშავა. ტელეკომპანიამ ბიუჯეტიდან 2 449 383 ლარი მიიღო, რაც მთლიანად საბიუჯეტო რეკლამების 52.6%-ია. ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან ხდება ცნობილი.

საინტერესოა, რომ იმედის მიერ ბიუჯეტიდან მიღებული თანხა 2016 წელთან შედარებით სამჯერ მეტია.

503 914 ლარით მეორე ადგილზე რუსთავი 2 იმყოფება, რაც საბიუჯეტო რეკლამის 10.8%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ იმედსა და რუსთავი 2-ს დაახლოებით მსგავსი რეიტინგი აქვთ (TVMR-ის მონაცემებით, იმედის რეიტინგი 29%-ია, რუსთავის კი 26%) აშკარაა, რომ სამთავრობო უწყებებს რეკლამები სავარაუდოდ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე იმედზე მიაქვთ.


ფოტო: მედიის განვითარების ფონდი (MDF)

2017 წლის 7 აგვისტოს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა საქართველოს მთავრობის და შესყიდვების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სარჩელის საფუძველი საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის 19 ივლისს გამოცხადებული 2 მილიონიანი კონსოლიდირებული ტენდერი გახდა, რომელშიც მხოლოდ ტვ “იმედი” მონაწილეობდა და გაიმარჯვა და რომლითაც საბიუჯეტო ორგანიზაციების რეკლამის განთავსება იყო გათვალისწინებული.

რუსთავი 2-ის მტკიცებით, ისინი მონაწილეობდნენ შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ წინასწარ შეხვედრაში, რომელზეც კონსოლიდირებული ტენდერის საკითხი განიხილებოდა, თუმცა დაპირების მიუხედავად, მათ ელექტრონული ფოსტით ინფორმაცია 19 ივლისს ტენდერის გამოცხადების შესახებ არ მიუღიათ და მხოლოდ 24 ივლისს ეცნობათ მეორე 1 მილიონიანი ტენდერის გამოცხადების შესახებ, რომელიც პირველი ტენდერის შემდეგ შედარებით ნაკლებრეიტინგული კომპანიებისთვის (სატელევიზიო რეიტინგი AMR საშუალოდ არაუმეტეს 4% 01.01.2017 – 30.06.2017 პერიოდის მონაცემების მიხედვით) გამოცხადდა. პირველ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა კი მხოლოდ იმ ტელეკომპანიებს ჰქონდათ, რომელთა სატელევიზიო რეიტინგი (AMR) საშუალოდ არანაკლებ 4%-ია (01.01.2017 – 30.06.2017 პერიოდის მონაცემების მიხედვით). ასეთი ტელეკომპანია კი არსებული სარეიტინგო მონაცემებით ბაზარზე ორია (“იმედი”, რუსთავი 2).

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ კონსოლიდირებულ ტენდერს საფუძვლად საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის განკარგულება8 დაედო. განკარგულების თანახმად, კონსოლიდირებული ტენდერის მიზანი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლება იყო, შესყიდვა კი სახელმწიფო შესყიდვების ანალიზისა და ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით უნდა განხორციელებულიყო

კომენტარები