არჩევნები 2017

ომბუდსმენი მარნეულის ინციდენტზე: იმედია, პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, არჩევნების პროცესში ძალადობა ყოვლად დაუშვებელია. უჩა ნანუაშვილი საარჩევნო სუბიექტებსა და ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც ომბუდსმენმა მარნეულში ქართული ოცნების წევრებზე თავდასხმაზე თქვა, "საგანგაშოა, რომ ასეთ მძიმე ფაქტს ადგილი აქვს არჩევნებამდე ორი დღით ადრე".

სახალხო დამცველი დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს. ის იმედოვნებს, რომ გამოძიება ოპერატიულად და ეფექტურად ჩატარდება და პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება.

ქართული ოცნების მარნეულის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, მოქმედი დეპუტატი და კიდევ ორი პირი გუშინ ღამით, პარტიის საარჩევნო შტაბთან დაჭრეს. დაჭრილები ამ დრომდე საავადმყოფოში არიან. ორს ოპერაცია ჩაუტარდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რაც შეეხება კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობას, ექიმის თქმით, მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. შს მინისტრის თქმით, "საქმეზე კვალიფიკაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, კონკრეტულს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით".

კომენტარები