ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხდება

facebook.com/GigiTsereteliOfficial

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხდება. ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი კრისტენ მუტონენი და მისი პარტია ავსტრიაში არჩევნებში დამარცხდა, შესაბამისად, ის აღარ არის ავსტრიაში პარლამენტარი და აღარ აქვს უფლება, შეასრულოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობა.

ეუთოს წესების მიხედვით და ასამბლეის რეგლამენტის მე-5 პარაგრაფის მერვე პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს მოვალეობები, ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ყველაზე ხანგრძლივად ნამსახურები და არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი შედეგი, ხდება პრეზიდენტი, მომდევნო არჩევნებამდე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტებიდან ამ კრიტერიუმებს ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი აკმაყოფილებს და შესაბამისად, ის გახდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. წერეთელი მოვალეობის შესრულებას, სავარაუდოდ 9 ნოემბრიდან შეუდგება, მას შემდეგ, რაც ავსტრიის პარლამენტი ჩაატარებს პირველ სხდომას.

კრისტენ მუტონენი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გასულ წელს აირჩიეს, მაშინ გიგი წერეთელი მასთან მცირე უპირატესობით დამარცხდა. მუტონენს გამარჯვებისთვის მეორე ტური დასჭირდა. ეუთოს სესია გასულ წელს საქართველოში ჩატარდა და გიგი წერეთელი პრეზიდენტობის კანდიდატად ევროპის სახალხო პარტიამ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან შარშან გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს და მიზეზად დაასახელეს, რომ  წერეთელი ზედი-ზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისათვის.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები  2018 წლის ივლისში გაიმართება და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ბერლინი უმასპინძლებს.

ავსტრიაში ეროვნული საბჭოს არჩევნები 15 ოქტომბერს ჩატარდა. ეროვნული საბჭო ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატას წარმოადგენს და კონსტიტუციის მიხედვით ზედა პალატაზე ანუ ფედერალურ საბჭოზე და პრეზიდენტზე მეტი უფლება-მოვალეობებით სარგებლობს. ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინ მუტონენი და მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.

კომენტარები