არჩევნები 2017

მეუფე ჯუზეპე: კათოლიკეებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ტაბულას კომენტარი მისცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენ, ქრისტიანებს, გვმართებს სული შთავბეროთ ქალაქს. უპირველეს ყოვლისა ეს ნიშნავს, რომ ხელი შევუწყოთ და დავიცვათ პიროვნების ღირსება და მისი ხელშეუვალი უფლებები;

ნიშნავს, ვიტვირთოთ და ხმა ავიმაღლოთ ყველა უპოვრის, განდევნილის, გარიყულის, მიტოვებულისთვის, რომლებიც არიან ქალაქის პერიფერიების ნამდვილი „გადაყრილი” ადამიანები, არადა, რომელნიც არიან სახარების პრივილეგირებული ადრესატები;

ნიშნავს, შევქმნათ შეხვედრის, გაზიარებისა და დიალოგის „ეკოლოგიური“ ადგილები, ადამიანებს რომ დაეხმარება იზოლაციიდან გამოსვლაში, საკუთარი თავკერძა კარჩაკეტილობისა და გულგრილობის დაძლევაში, რათა არ დაინახონ მეორე ადამიანი მტრად, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურად მისგან განსხვავებულად აზროვნებს. პოლიტიკამ არასოდეს უნდა გახლიჩოს ქრისტიანული საკრებულო.

ქალაქისათვის სულის შთაბერვა ნიშნავს, აგრეთვე, ჩვენთვის, ქრისტიან კათოლიკეთათვის საქართველოში, აქტიურ და პასუხისმგებლურ მონაწილეობას ინსტიტუციურ დონეზე. მოხმობილნი ვართ, რომ პასუხისმგებლობით გამოვიყენოთ ქალაქის თავისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. დღეს სულ მეტად თვალსაჩინო ხდება ხალხში საშიში უკმაყოფილება პოლიტიკის მიმართ, რომელიც ხშირად გამოიხატება ხმის მიცემისაგან მასობრივ თავის არიდებაში, როგორც პოლიტიკურ, ისე ადმინისტრაციულ არჩევნებში. ამიტომ, მოქალაქეებმა და, განსაკუთრებით, ქრისტიანმა მოქალაქეებმა ხელი არ უნდა აიღონ ამ სფეროზე, არამედ შემოთავაზებული პოლიტიკური პროგრამები განსაჯონ ეკლესიის სოციალური მოძღვრების კრიტერიუმების მიხედვით", - ამბობს ქართველ კათოლიკეთა მღვდელმთავარი.

კომენტარები