არჩევნები 2017

ენმ: "ოცნება" საჯარო მოხელებს აიძულებს, საარჩევნო უბნებზე 12:00-მდე გამოცხადდნენ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით,  მმართველი გუნდი საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, საარჩევნო უბნებთან დღის 12:00 საათამდე მივიდნენ. ამის შესახებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა და ამომრჩეველს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. 

"ხვალ საქართველოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ უპერსპექტივობა, უიმედობა, რაც ყველაზე მთავარია, მაფიოზურ-კრიმინალური მმართველობა. ეს შეუძლია მხოლოდ ხალხს.

14 საათი აშორებს ქვეყანას არჩევნებისგან და ხელისუფლებამ გაათკეცა ზეწოლა ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო მოხელებზე. ძვირფასო პედაგოგებო, საბავშვო ბაღის თანამშრომლებო, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ავტობუსის მძღოლებო და სხვა პროფესიის ადამიანებო, ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი ინფორმაცია, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებენ თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს, საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეთ, საკუთარი ოჯახის წევრები დღის 12:00 საათამდე მიიყვანოთ. ეს ხდება მთელი ქვეუნის მასშტაბით, არ დანებდეთ ზეწოლას. ვერავინ დაინახავს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას. ხვალინდელი არჩევნები განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომდევნო ათწლეულებს. ხვალ ყველანი ერთ მუშტად უნდა გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაგონოთ ჩვენი ხმა მილიარდელ ივანიშვილის ხელისუფლებას. არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს და მუქარას,“- განაცხადა ნიკა მელიამ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 21 ოქტომბერს ჩატარდება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

კომენტარები