არჩევნები 2017

მეუფე რუსუდანი: რატომ უნდა გადამიწყვიტოს სხვამ ჩემი ხვალინდელი დღე?

ტაბულა

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ, არჩევნების წინა საღამოს ტაბულას წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დამოუკიდებელი არჩევნები ჩემთვისაც პირველი არჩევნები იყო და განწყობა მქონდა, რომ ჩემი ქვეყნის ისტორიის ნაწილი ვხდებოდი. ჩემი ახალგაზრდული გულუბრყვილობით მჯეროდა, რომ ჩემი ქვეყნის ბედი ჩემს არჩევანზე იყო დამოკიდებული. მას მერე ძალიან ბევრი დრო გავიდა. ჩემი პირველი არჩევნებიდან მოყოლებული მოწმე გავხდი რამოდენიმე გადატრიალებისა და სამოქალაქო რევოლუციის. ფაქტობრივად, ხელისუფლების შეცვლის ყველაზე ახლობელი გამოცდილება ეს გახდა და არა არჩევნები. ამიტომაც ყოველი არჩევნების დადგომის წინ მიჩნდება ფიქრები.

"რა აზრი აქვს არჩევნებზე წასვლას, როცა არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია თავიდანვე?!"

"დავიღალე ორ ცუდს შორის ნაკლებ საშინელის არჩევით, მით უფრო მაშინ, როცა არასოდეს იცი რაც აირჩიე მართლა იყო მეორეზე ნაკლებ მავნებელი თუ არა"

"რა შეუძლია ჩემს ერთ ხმას შეცვალოს?"

"კანდიდატი, რომელიც დღეს მომწონს და ვისი მხარდაჭერაც მინდა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვა ჯადოსნურად დაემსგავსება თავის წინამორბედებს, რომლის შეცვლაც ასე ძალიან მინდოდა".

ასეთ განწყობებში არც ერთადერთი ვარ და არც ძალაინ ორიგინალური. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებია მოსახლეობის აქტიურობა. შესაძლოა მეშლება, მაგრამ ჩემი პირადი ენთუზიაზმი ნამდვილად იკლებს არჩევნებიდან არჩევნებამდე.

მაგრამ, კარგად თუ დავუფიქრდები, ვხვდები, რომ ეს ჩემი ფიქრები ჩემი კრიტიკული აზროვნებისა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების ნაყოფი კი არ არის. ასე, უბრალოდ ვცდილობ თავი დავიძვრინო იმ არც თუ ისე სასიამოვნო გრძნობისაგან, რასაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა ქვია. პასუხისმგებლობა იმისა, რომ მე ამ ჩემი ქვეყნის ბედს არა მხოლოდ მაშინ განვკარგავ, როცა საარჩევნო ურნასთან მივდივარ, არამედ ყოველ დღე, როცა ვიღებ გადაწყვეტილებას მოვუყრუო ყური ჩემს გარშემო უსამართლობას, თუ მოვითხოვო პასუხი. არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ერთ დიდ კომფორტს მირღვევს - ვეღარავის დავაბრალებ იმას, რაც ხდება.

თუკი არჩევნებში მონაწილეობა არ არის ჩემი ამ ქვეყნის შვილობის ერთადერთი ვალდებულება, მაშინ არჩევნებზე აღარ მივდივარ იმ გულუბრყვილო გოგონასავით, როგორიც 90-იანების დასაწყსში ვიყავი. არამედ მივდივარ, როგორც მოქალაქე, რომელიც თავის ხმას აფიქსირებს და მერე ცდილობს იყოს კრიტიკულ სოლიდარობაში იმ ადამიანებთან, რომელთაც მიანდო ქვეყნის ბედი.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნებში არ მონაწილოება არ არსებობს. შენ არ მიხვალ და შენი გამოუყენებელი ბიულეტინი უქმად არ დარჩება... ხო და, რატომ უნდა გადამიწვიტოს სხვამ ჩემი ხვალინდელი დღე?

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი

რუსუდან გოცირიძე

20 ოქტომბერი, 2017

არჩევნების წინა საღამო 

კომენტარები