არჩევნები 2017

პასტორი ვარლამ რამიშვილი: სიტყვა არჩევნების შესახებ

ვარლამ რამიშვილი

ბათუმის წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესიის წინამძღვარმა, ვარლამ რამიშვილმა, არჩევნებთან დაკავშირებით ტაბულას წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცლელად გთავაზობთ:

"ქრისტიანებს ოდითგანვე სჯეროდათ, რომ არსებობს სამი ინსტიტუტი, რომელიც თავად ღმერთმა დაადგინა. ეს ინსტიტუტებია: ოჯახი, ხელისუფლება და ეკლესია. სამივე მათგანი ღვთის მიერ მოგონილი და დაწესებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი არსებობა ღვთაებრივი ნებით არის განპირობებული და დამტკიცებული. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი თავდაპირველად ადამიანის ჩანაფიქრი არ ყოფილა, ადამიანი უშუალოდ მონაწილეობს სამივეში და არა მხოლოდ მონაწილეობს, თითოეული ინსტიტუტი ადამიანისთვისაა, მისი კეთილდღეობისთვისაა დადგენილი. ამ მტკიცებებს მივყავართ ძალიან მნიშვნელოვან დასკვნამდე: ვინც ოჯახის, ხელისუფლების და ეკლესიის ინსტიტუტებს ეწინააღმდეგება, ღვთის დადგენილებებს ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება, ხელისუფლების ინსტიტუტს. ახალი აღთქმის სწავლება არა ერთგზის მოიხსენიებს მას. მაგალითად, სულიწმიდის მიერ შთაგონებული წმინდა მოციქული პავლე, სახელგანთქმულ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, კერძოდ, მეცამეტე თავში, საქვეყნოდ აცხადებს: "დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ".

ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთის ჩანაფიქრი და იდეალი არის ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, "შენდა სასიკეთოდ" - ასწავლის მოციქული, თანაც ხელისუფალთა ღვაწლი ღვთის მსახურებად არის წოდებული, "ის ღვთის მსახურია" - წერია ეპისტოლეში.

შეიძლება ზოგს კითხვა გაუჩნდეს წმინდა მოციქულთან: "ნუთუ ფაშისტური, კომუნისტური, ავტორიტარული და ათასგვარი უსამართლო ხელისუფლებაც ღვთისგან არის?" რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ დასახელებული მმართველობის ფორმა არ შეესაბამება კაცთმოყვარე ღმერთის სახიერ ნებას და წარმოადგენს გაუკუღმართებულ, გადაგვარებულ ხელისუფლებას. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, არ არსებობს თავისთავად ცუდი არაფერი, არამედ ნებისმიერი ცუდი გაუკუღმართებული თავდაპირველი სიკეთეა. ზუსტად ეს პრინციპი მიესადაგება ამგვარ ტირანიებს.

ჩვენს ქვეყანაში, მადლობა ღმერთს, კონსტიტუციის მიხედვით, ჯერ ერთი, რელიგია გამიჯნულია საერო ხელისუფლებისგან, და მეორეც, ხელისუფლების წყაროს წარმოადგენს ხალხი. მე ხშირად მსმენია მორწმუნეებისგან ასეთი გამონათქვამები: "არჩევნები ჩემი საქმე არ არის" ან "მე უკვე ხმა მივეცი იესო ქრისტეს" ან კიდევ "ჩემი სამშობლო ზეცაშია" და ა. შ. ახლა არ დავიწყებთ ასეთი მტკიცებების უსაფუძვლობის განხილვას, მაგრამ სამართლიანად მიგვაჩნია, რომ ქრისტიანები ყოველ ძალ-ღონეს უნდა ხმარობდნენ ღვთის იმ განჩინების მხარდასაჭერად და განსამტკიცებლად, რომელსაც ხელისუფლების ინსტიტუტი ჰქვია. პრაქტიკულად კი, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების დღეს ავიღოთ პასუხისმგებლობა და გამოვხატოთ ჩვენი ნება სინდისისა და რწმენის მიხედვით; ხმის მიცემის საშუალებით მხარი დავუჭიროთ ხელისუფლების ინსტიტუტს, როგორც ასეთს და გავითვალისწინოთ, რომ ღმერთი ჩვენი არჩევნით ძალაუფლებას ანიჭებს კონკრეტულ ადამიანებს".

ბათუმის წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესიის წინამძღვარი

ვარლამ რამიშვილი

20 ოქტომბერი, 2017 წელი

კომენტარები