არჩევნები 2017

ცესკო: ხმის მიცემა მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის მიცემის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით პირველი ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 08:00-ზე ყველა უბანი გაიხსნა და იქ ხმის მიცემა მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

"ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანში მათ  გადაეცემათ სამი სახის ბიულეტენი: ერთი - ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად, მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად, მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად", - ამბობს მიქელაძე.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები