არჩევნები 2017

თალაკვაძე: ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა და ჩვენი მიზანია დღეს ეს დაფიქსირდეს

ქართული ოცნების ოფისში, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს პირველი ბრიფინგი გამართა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. თალაკვაძის თქმით არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი დარღვევები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. თალაკვაძის თქმით, ქართულ ოცნებას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.  

"დილიდან საარჩევნო პროცესი მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს. ჩვენი მხარდამჭერები აქტიურობენ, დიდი მადლობა, ჩვენს გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და აუცილებელია და საჭიროა თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს დღეს საარჩევნო ყუთთან და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალი განვითარების პროცესი იქნება უფრო სწრაფი, უფრო დინამიკური და ჩვენ გვექნება მეტი და მეტი კეთილდღეობა ოჯახებში და ქვეყანაში. დარღვევებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებით საინტერესო მონაცემები. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა და ჩვენი ერთადერთი მიზანი არის რომ ეს მხარდაჭერა დღეს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდეს." - ამბობს თალაკვაძე.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

კომენტარები