არჩევნები 2017

ნაციონალური მოძრაობა ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი ე.წ კარუსელებს გეგმავს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო ე.წ კარუსელს გეგმავს. პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ამის დასადასტურებლად როგორც თბილისის, ასევე ხობის უბნებზე მიმდინარე დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისში რამდენიმე გადასატანი ყუთი ისე წაიღეს, რომ მაჟორიტარი კანდიდატის ბიულეტენები არ გამოიყენეს. ასევე, მისი თქმით, ხობის ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ მოსახლეობა მაჟორიტარ კანდიდატს ვერ ირჩევს. 

"ვარკეთილის მესამე მასივში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს, კერძოდ, 30-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი წაიღეს ისე, რომ მაჟორიტარი კანდიდატის ბიულეტენები არ არის განთავსებული საარჩევნო ყუთის სიაში. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა საბურთალოს რაიონში, სადაც ასევე არ წაიღეს მაჟორიტარი კანდიდატის ბიულეტენი. არის დიდი ალბათობა და დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ ბიულეტენების გაქრობა ხდება იმიტომ, რომ მოხდეს კარუსელის სახით ამ ბიულეტენების გამოყენება. 

ხობის სოფელ შავღელეში, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ტრადიციულად იგებდა, საოლქო საარჩევნო კომისიამ მაჟოროტარების ბიულეტენები არ მიიტანა და ახლაც უბანზე კენჭისყრა მიმდინარეობს ისე, რომ მაჟორიტარული ბიულეტენები გამოყენებული არ არის. იმედია ხვდებით, რომ ეს ჩვეულებრივი ტექნიკური ხარვეზი არ არის. საოლქო საარჩევნო კომისია ახლავე უნდა ჩაერიოს ამ პროცესში და დაადგინოს, რა მიზეზით არ მოხდა მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენების გატანება და რატომ აქვს ამას ტენდენციის ხასიათი", - ამბობს ბეჟაშვილი. 

მისივე თქმით, მუხიანში, 96-ე და 104-ე უბნებიდან ის დამკვირვებლები, ვინც საჩივარი დაწერა ან დარღვევა გააპროტესტა, გააძევეს, ავჭალის მე-16 და მე-17 უბნებზე კი დამკვირვებლებს პოლიციის გამოძახებით ემუქრებიან. 

კომენტარები