არჩევნები 2017

თალაკვაძე: ნებისმიერ აქტივისტს შეუძლია აწარმოოს აღრიცხვა შიგნით თუ გარეთ

ტაბულა

არჩილ თალაკვაძე ვერ საარჩევნო უბნებზე სიების წარმოებაში პრობლემას ვერ ხედავს. კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების აღრიცხვა საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით კეთდება და ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. 

"საჯაროდ იყო გაკეთებული განცხადებები ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამაზე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა. სიები არის ღია და ნებისმიერ აქტივისტს, მსურველს შეუძლია, რომ აღრიცხვა გარეთ თუ შიგნით აწარმოოს სურვილის მიხედვით გარეთ თუ შიგნით. ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში".  

მისივე თქმით, ოპოზიციას საკუთარი წარმომადგენლებისთვის დავალება აქვს მიცემული, რომ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს.

ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, აძლევენ ასეთ ინსტრუქციას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე და ამ გზით ცდილობენ, რომ ამომრჩეველთა განწყობებზე მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა. მინდა თითოეულ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს და ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, მობრძანდნენ და დააფიქსირონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საკუთარი არჩევანი“. 

დღეს როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია და ვიდეო მასალა, რომლებზეც ჩანს, რომ საარჩევნო უბნებზე, მაგიდებთან, სადაც ამომრჩევლების რეგისტრაცია მიმდინარეობს, დგანან ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებას წარმოადგენენ და ამომრჩევლის რიგით ნომრებს იწერენ, რის შემდეგაც ამ ნომრებს საარჩევნო სიას ადარებენ. ეს მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ ინფორმაცია, ვინ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ მსგავსი ფაქტები და მათი მასშტაბი სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესია არა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის, არამედ უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის აღრიცხვასა და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებაში გამოიხატება.  

კომენტარები